ლალაზაშვილი: კრიზისის დაძლევა ყველაზე მეტად HORECA და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს გაუჭირდებათ

კორონავირუსის გავრცელებამ და მის შესაკავებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა იქონია ბიზნეს-სექტორის ძირითად ნაწილზე, თუმცა ზოგიერთმა სფერომ შეძლო შეენარჩუნებინა და რიგ შემთხვევებში გაეუმჯობესებინა კიდეც თავისი მდგომარეობა.

ფოტო: BDO Georgia / Facebook

სწორედ ამ თემაზე ისაუბრა Forbes Talks-თან BDO საქართველოს მმართველმა პარტნიორმა – ზურაბ ლალაზაშვილმა. აღნიშნულ ინტერვიუში დასახელებულია ის დარგები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი COVID-19-ის გამოწვევებს და წარმოდგენილია საქმიანობის ის ტიპები, ვისაც წილად ხვდა ყველაზე მწარე გამოცდილება ამ ბრძოლაში.

„პანდემიიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი სექტორი ჰორეკა და ტურიზმთან დაკავშირებული დარგებია, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვთვლი, რომ ისინი თუნდაც 2018-2019 წლების მაჩვენებელზე დაბრუნებას დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში შეძლებენ. უფრო სამწუხარო ისაა, რომ ბევრ ბიზნესს ეს შეიწირავს, მაგრამ იმედია რომ მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდებიან ბიზნესები, რომლებიც უფრო მდგრადები იქნებიან.

რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებმაც გაუძლეს სირთულეებს, გარდა რითეილერებისა და ფარმაციის სექტორისა, რომლებზეც პანდემიას გავლენა არ მოუხდენია, საინტერესოა მაგალითად მშენებლობა, სადაც შეიძლება ყოფილიყო კლება, ზოგიერთ კომპანიის მაგალითზე კლების ნაცვლად გაყიდვების ზრდა იყო“ – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

BDO საქართველოს მმართველი პარტნიორის თქმით, ახალ კოვიდ რეალობას ყველაზე სწრაფად e-commerce-მა აუწყო ფეხი, თუმცა მათი უმეტესობა მოუმზადებელი შეხვდა ამ ყველაფერს. ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა მოგვიწევს თუ არა პანდემიის პირობებში ცხოვრება, ელექტრონული ვაჭრობა არის ის მიმართულება, რომელზეც კომპანიებმა უნდა მოახდინონ ძირითადი კონცენტრაცია, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში ინტერნეტ გაყიდვების წილი მომავალში უფრო და უფრო გაიზრდება.