ისტორიაში პირველად, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში სამი ქალი წარადგინა. ჯილდოსთვის ემერალდ ფენელი, რეჯინა კინგი და ქლოი ჟაო იბრძოლებენ. ქალ რეჟისორებს შორის ოქროს გლობუსი აქამდე მხოლოდ ბარბრა სტრეიზანდს აქვს მოგებული.
აღსანიშნავია, რომ ფენელისა და კინგისთვის, შესაბამისად, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ და „ერთი ღამე მაიამიში“ რეჟისორის რანგში სადებიუტო ნამუშევრებია. ოქროს გლობუსის მოპოვებას კრიტიკოსები მაინც ქლოი ჟაოს უწინასწარმეტყველებენ, რომლის ფილმი „ნომადლენდი“ საუკეთესო სურათის ნომინაციაშიცაა წარდგენილი. ფილმი ჯესიკა ბრუდერის წიგნზეა დაფუძნებული და ამერიკის დასავლეთში შუახნის ქალის მოგზაურობაზე მოგვითხრობს.
ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქალის გარდა, საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მოპოვებას აარონ სორკინი და დევიდ ფინჩერი შეეცდებიან. ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება და მას ემი პოლერი და ტინა ფეი გაუძღვებიან.