ათიათასობით ადამიანი მიანმარში საპროტესტო აქციას შეუერთდა, რომელიც 2007 წლის საფრონის რევოლუციის შემდეგ ყველაზე მაშტაბურია. მოსახლეობა გასული კვირის სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს და ითხოვს არჩეული მმართველი პარტიის „ნაციონალური ლიგა დემოკრატიისათვის“ ლიდერის, აუნ სან სუ ჩის განთავისუფლებას.
დემონსტრაციები, რომლებიც დაიწყო იანგონის სხვადასხვა ნაწილებში ახლა უკვე ქალაქის ცენტრში, სულე პაგოდაზე გადავიდა, რომელიც 1988 და 2007 წლების მასიური აჯანყების დროს სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ, პროტესტების მთავარი ადგილი იყო. კვირას ხალხის დიდი რაოდენობა ასევე დაფიქსირდა სხვა ქალაქებში, მათ შორის მანდალაიში.
6 თებერვალს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიზნით და ასევე ინფორმაციის დამალვისთვის მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ შეწყვიტა ინტერნეტ მომსახურება, მაგრამ, როგორც ჩანს, მომდევნო დღეს სერვისები ნაწილობრივ აღდგა. თუმცა ქვეყანაში სოციალური ქსელები კვლავ დაბლოკილია.
დამკვირვებელთა შეფასებით, იანგონში საპროტესტო აქციებში ჩართული მოქალაქეების რიცხვი 100,000-ს აღემატება. ხალხის უმეტესობას წითელი ფერის მაისურები ეცვა, ხელში კი წითელი ფერის ბუშტები და ვარდები ეჭირათ, რადგან სუ ჩის პარტიის ფერი სწორად წითელია. პროტესტის ლოზუნგი „დიდხანს იცოცხლე დედა სუ“ მრავალ ქალაქში გაჟღერდა და ასევე „ჩვენ არ გვინდა სამხედრო დიქტატურა“. აწეული სამი თითის ჟესტი, რომელიც „შიმშილის თამაშებში“ გვხდება, პროტესტის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა, რაც გამოხატავს ავტორიტარული ტირანიის წინააღმდეგ გამოსვლას.
დაუმორჩილებლობის მზარდი ტალღა, განსაკუთრებით დედაქალაქ ნაიპიტავაში, სადაც ასეთი საპროტესტო გამოსვლები უჩვეულოა, თანაც ქვეყნის მწვავე წარსულის გამოცდილებით, უფრო და უფრო მძაფრდება. ორშაბათს პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლები გამოიყენა, აცხადებს Reuters. რის შედეგადაც პროტესტის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ასევე 150-ზე მეტი ადამიანი პატიმრობაში იმყოფება.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სამშაბათიდან მანდალაიში და სხვა დიდ ქალაქებში საღამოს 8 საათიდან დილის 4 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. ასევე გაიცა ბრძანება 5ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვაზე.
აუნ სან სუ ჩიმ 15 წელი შინაპატიმრობაში გაატარა, 1988 წლის დემოკრატიული პროტესტის ჩატარების გამო. სამოქალაქო მთავრობაში ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კი მან 2011 წლიდან დაიწყო დემოკრატიული რეფორმების ჩანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლის განმავლობაში იგი ქვეყნისთვის ეფექტური ლიდერი იყო, მიანმარის ხელისუფლება განაგრძობდა რეპრესიული კოლონიური ეპოქის კანონების გამოყენებას და ეთნიკურ კონფლიქტებში მონაწილეობას.