ამერიკელი სენატორები სოციალური მედია პლატფორმების შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. სამმა დემოკრატმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 230-ე პარაგრაფს ზღუდავს. ეს პარაგრაფი კი აშშ-ს ინტერნეტ-კანონმდებლობის ნაწილია.
თუ ამერიკელი სენატორების ინიციატივა ძალაში შევა, სოციალური მედია პლატფორმების წინააღმდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის კანონი ამოქმედდება. ამ შეზღუდვის შემდგომ კი მკაცრად გაკონტროლდება ონლაინ მედია პლატფორმების საქმიანობა და ისინი მომხმარებლებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას ვეღარ მიაწვდიან.
Google-ის, Twitter-ისა და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორები ამბობენ, რომ ზედმეტი შეზღუდვების გარეშე, 230-ე პარაგრაფი მათ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და შინაარსის ზომიერებას შორის. თუმცა, სენატორების აზრით, ეს კანონპროექტი ხელს არ შეუშლის არც რეკლამების ან სხვა რაიმე სახის ფასიანი კონტენტის მათ პლატფორმებზე განთავსებას, ამასთანავე, არც ადამიანის უფლებების დარღვევას განიხილავენ ამ მოსალოდნელი შეზღუდვით. მათი თქმით, მთავარი ამოცანა ადამიანების საზიანო ინფორმაციისაგან დაცვაა.
6 იანვრის, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდგომ, კანონმდებლებმა სოციალური მედია პლატფორმების შესწავლა დაიწყეს. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი დეზინფორმაციის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ არეულობის დროს, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სოციალური მედიის ანგარიშები დაუბლოკეს ან სამუდამოდ გაუუქმეს. ტექნოლოგიური გიგანტებიც იმავეს ედავებოდნენ ტრამპს – მას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდნენ.