საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა საქართველოში კიშან დან დევალმა განიხილეს ქვეყანაში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასრულების შესაძლებლობები.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ინდოეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს შექმნის შესახებ „სასიხარულოა“, რაც ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში ვითარდება.
შეხვედრაზე გახარიამ და დენ დევალმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ, რაც „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებას“, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.
დენ დევალმა, ასევე განაცხადა, რომ ინდოეთი მზადაა გაააქტიუროს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველომ და ინდოეთმა მოამზადეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელშიც ნათქვამია, რომ თავისუფალი ვაჭრობის გარიგებას ორივე ქვეყნისთვის “ძალიან პოზიტიური ეფექტი ექნება”.
„ჩვენ უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გადავალთ პირდაპირ მოლაპარაკებებზე“, – თქვა თურნავამ.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ის გადაიდო და უახლოეს მომავალში იგეგმება, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.
საქართველომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო.