ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer განაცხადა, რომ წელს გერმანულ ფირმა BioNTech- თან ერთად შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის $15 მილიარდი ღირებულების გაყიდვებს ელოდება.
ეს ვაქცინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის მოხმარების უფლებაც გასცეს ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინების გაყიდვები კომპანიის ამ წლის მოსალოდნელი შემოსავლების მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ცდილობს ვაქცინის შეძენას მოსახლეობის ვაქცინაციისათვის, რათა გადაარჩინონ მათი სიცოცხლე და ხელი შეუწყონ ეკონომიკის დროულ გახსნას. Pfizer ცდილობს 2021 წელს რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ვაქცინის ორი მილიარდი დოზა ქვეყნებს, რადგან ეს უკანასკნელნი ჩქარობენ მომარაგებებთან დაკავშირებული გარიგებების გაფორმებას.
გასული წლის მეოთხე კვარტალში ვაქცინამ Pfizer-ს 154 მილიონი დოლარის ღირებულების გაყიდვები მოუტანა. ანალიტიკოსები ელიან, რომ იმ ფირმებიდან, რომლებიც ვაქცინების ბაზარზე გატანას ჩქარობენ, Pfizer და კონკურენტი ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია Moderna წელს მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ.
სამშაბათს BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად Pfizer-მა და BioNTech-მა წარმოების მოცულობა წელიწადში 1.3 მილიარდიდან ორ მილიარდამდე გაზარდა.
ევროპის ნაწილში ვაქცინით მომარაგებას პრობლემები შეექმნა წარმოების პროცესებში შეტანილი ცვლილებების გამო, რამაც უნდა გაზარდოს ნაწარმის რაოდენობა. თუმცა BioNTech-მა ორშაბათს განაცხადა, რომ ფირმები დაუბრუნდნენ ჩვეულ მუშაობას, რათა ევროპას შესაბამის ვადებში მიაწოდონ ვაქცინა.
თავისი გლობალური მიზნის მისაღწევად, Pfizer-ს კვირაში საშუალოდ 10 მილიონი დოზის მიწოდება მოუწევს.