ვინ იქნება აშშ-ს წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ ნომინირებულ ლინდა თომას-გრინფილდს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტმა არჩევანი კანდიდატის სასარგებლოდ 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. საბოლოოდ კი მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Photo Credits to Greg Nash/Pool via AP

ხმის მიცემის პროცედურა ერთი დღით გადაიდო რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუზის პროტესტის გამო. ტედ კრუზის შეშფოთება 2019 წელს კონფუცის ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლინდა თომას-გრინფილდის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია. აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობას ჩინეთის მთავრობა აფინანსებს. თუმცა კომიტეტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 35 წლიანი დიპლომატიური გამოცდილება, რომელიც თომას-გრინფილდს გააჩნია, გადაწონის ნებისმიერი ცალკეული გამოსვლის გავლენას.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ელჩი თომას-გრინფილდი სწორად ის ადამიანია, ვინც აშკარად ადევნებს თვალყურს თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ჩინეთის მთავრობის გამო“, – აღნიშნა დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა.

„მზად არ ვარ, ერთი სიტყვის გამო დავთმო ადამიანის მთელი ცხოვრების კარიერა“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

თომას-გრინფილდმა კარიერა საგარეო სამსახურში 1982 წელს დაიწყო. 35 წლის განმავლობაში იგი მსახურობდა საგარეო სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, იყო ელჩი ლიბერიის რესპუბლიკაში, იკავებდა თანამდებობებს ჟენევაში, პაკისტანში, გამბიაში, კენიაში, ნიგერიასა და იამაიკაში. ასევე, იყო აფრიკის საქმეთა ბიუროს მთავარი დიპლომატი.