საქართველოს მთავრობამ 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დააანონსა. მათი ნაწილი 8, ხოლო ნაწილი 15 თებერვლიდან მოიხსნება. გთავაზობთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას უცვლელად:
„ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:
8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
- გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;
15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:
- ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
- კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;
ამასთან, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.