დეა კულუმბეგაშვილის ფილმის მორიგი წარმატება ტრიესტის საერთაშორისო კინოფესტივალზე

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ ტრიესტის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა.

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე – Photo Credits to GNFC

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა. კინოფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისათვის კი ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა – პაოლო ბორტელინმა – წარადგინა, რის შემდეგაც ფესტივალს ქართველი რეჟისორი თბილისიდან შეუერთა.

„დასაწყისი“  დეა კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. იგი გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს და ფილმი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

შეგახსენებთ, რომ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა 2020 წელს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა ოთხი ჯილდო მოიპოვა: ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).

ამასთანავე, „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. მართალია, ფესტივალი პანდემიის გამო ვერ ჩატარდა, თუმცა ქართველი რეჟისორის ფილმი ფესტივალის სპეციალური გამოშვების ფარგლებში მაინც აჩვენეს. ხოლო, „დასაწყისის“ ჩრდილო-ამერიკული პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESC) ჯილდოც გადაეცა.

ტრიესტის საერთაშირისო კინოფესტივალი 1989 წლიდან იმართება და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.