საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ მოამზადა. პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.
პუბლიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, გენდერულ ჭრილში ბიზნეს სექტორის ანალიზს გულისხმობს. „ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია, თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში – ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა და კაცთა რიცხვი, შესაბამისად 313 ათასი და 444 ათასი იყო, ხოლო ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 63%-ს შეადგენდა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ბიზნეს სექტორში შრომის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმის მიხედვით, 2019 წელს კი ასე გამოიყურებოდა:
- კერძო (ადგილობრივი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი): ქალი – 775 ლარი, კაცი – 1 263 ლარი;
- კერძო (უცხოელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი): ქალი – 1 315 ლარი, კაცი – 1 850ლარი;
- სახელმწიფო: ქალი – 872 ლარი, კაცი – 1 212 ლარი;
რაც შეეხება ბიზნესის დამფუძნებელთა რიცხვს, კაცების ოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება ქალებისას, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის მფლობელების დაახლოებით 35 პროცენტს შეადგენენ. ზოგადი ფონი ასეთია, ბიზნესის მფლობელი ქალების ოდენობა მცირეა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. ხოლო, ქალების ოდენობა გაცილებით მეტია კაცი მფლობელების ოდენობაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალი მფლობელების წილი ვაჭრობის სექტორში, რომელიც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს სფეროა, 40%-ს შეადგენს.