ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს (MCB) 29 წლის ქალი უხელმძღვანელებს. საბჭომ ახალი ლიდერი რამდენიმე დღის წინ აირჩია. ზარა მუჰამედი კი პირველი ქალია, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა.
107 ხმით 60-ის წინააღმდეგ, ზარა მუჰამედი ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს გენერალური მდივანი გახდა. მას მეტოქეობას იმამი და მასწავლებელი, აიმალ მასროური უწევდა.
ზარა მუჰამედი ადამიანის უფლებების შესწავლითაა დაკავებული. ამასთანავე, ქალი ტრენინგებისა და განვითარების კონსულტანტია. ამ დრომდე იგი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭოს მთავარი მდივნის თანაშემწეც იყო.
არჩევნების შემდგომ, ზარა მუჰამედმა თქვა: „პირველ ქალ გენერალურ მდივნად არჩევა დიდი პატივია და ვიმედოვნებ, ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტ ქალსა და ახალგაზრდას, რომ თავიანთი როლი შეასრულონ ხელმძღვანელობაში. ისინი ამ ორგანიზაციისა და ჩვენი საზოგადოების მომავალი არიან.“
ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭო დიდი ბრიტანეთის მეჩეთების, მუსლიმთა სკოლებისა და ასოციაციების უდიდესი გაერთიანებაა. პარტნიორები ეროვნულ საბჭოსა და გენერალურ მდივანს ორ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.