აბუ-დაბის უდიდეს ბანკს პირველი ქალი CEO ეყოლება

არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ბანკს, First Abu Dhabi Bank, პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება.

Image Credits to AW Rostamani Group

ჰანა ალ როსტამანი ერთ-ერთი პირველი ქალია არაბთა გაერთიანებული საამიროების ისტორიაში, რომელიც საბანკო სექტორში უმაღლეს პოზიციას დაიკავებს. დაწინაურებამდე ჰანა დირექტორის მოადგილისა და პერსონალური საბანკო მომსახურების უფროსის თანამდებობებს იკავებდა.

აბუ-დაბის ბანკი (FAB) 1968 წელს დაარსდა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $44 მილიარდამდე აღწევს.

ბანკის მეთვალყურეთა თქმით, ჰანა გამორჩეული და ქმედუნარიანი პიროვნებაა, რომელიც ბანკს ახალ პერსპექტივებს დაანახებს. ისინი იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ბანკი ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს სათანადოდ გაუმკლავდება, ამ შემთხვევაში, იგულისხმება – კოვიდპანდემია, რომელმაც საფინანსო სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ჰანას პოზიტიურად აფასებენ ბანკის თანამშრომლებიც, რომლებიც თვლიან, რომ ის მაღალი ნდობითაა აღჭურვილი და მას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინაიდან, მისი გადაწვეტილებები უშუალოდ განსაზღვრავენ არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ბანკის მომავალს.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan Chase & Co.-ს ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მცდელობებისა, ამ რეგიონში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაინც არ გაზრდილა. სიტუაცია კიდევ უფრო უარესია, თუკი მაღალ კორპორაციულ საფეხურზე მდგომ ქალთა წილს დავაკვირდებით.

ჰანას მსგავსი პიროვნებები შესანიშნავ მაგალითსა და ძლიერ მესიჯს წარმოადგენენ ქალებისათვის, რომელთაც აქვთ უნარები და შესაძლებლობები – წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში.