წარმოგიდგენიათ ქალაქი, სადაც არ არსებობს ქუჩები, სატრანსპორტო საშუალებები და სადაც ყველაფერი, რაც გჭირდებათ, 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა განლაგებული?
ასეთი ქალაქის მოდელი რეალობაა, მისი მშენებლობა კი მომდევნო თვეებში დაიწყება და იგი საუდის არაბეთის 2030 წლის „ხედვის“ პროექტის ნაწილია. მის აღსრულების პროცესს სათავეში უდგას მუჰამედ ბინ სალმანი, საუდის არაბეთის პრინცი, რომელმაც ახალ ქალაქს The Line (ხაზი) უწოდა წრფივი ფორმის დაგეგმარების გამო. პროექტი ნეომის (NEOM), ეკოსისტემის შესანარჩუნებლად შექმნილი ფუტურისტული ქალაქის ნაწილია და იგი 170 კმ-ზე იქნება გადაჭიმული, გათვლილი 1 მილიონ მაცხოვრებელზე.
პროექტის პრეზენტაციაში კარგად ჩანს მისი მიზანი – ადამიანები და მათი ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, რის გამოც პრიორიტეტულია ქალაქის დაცლა ყოველგვარი გამონაბოლქვისგან – ჩქაროსნული მატარებლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა გზები მიწისქვეშ იქნება განთავსებული, შენობებიც Clean Energy პრინციპით იფუნქციონირებენ. ეს სისტემები კი მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება, რომელიც განუწყვეტლად ადგენს, თუ როგორ უნდა დაიზოგოს ენერგია მეტად და, პარალელურად, გაიზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება.
ნეომის პროექტი 500 მლრდ. ამერიკულ დოლარადაა შეფასებული, ის დაახლოებით 380,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და საუდის არაბეთის GDP-ის 2030 წლისთვის 48 მლრდ აშშ დოლარით გაზრდის.