ოქროს გლობუსზე ჯეინ ფონდას ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდოს გადასცემენ

Photo Credits to Ryan Pfluger for The New York Times

83 წლის ამერიკელ ჯეინ ფონდას, როგორც მსახიობს, შესანიშნავი კარიერა აქვს. ამასთანავე, ის არის მწერალი, მოდელი, პოლიტიკური აქტივისტი და მრავალი სხვა. ის იმდენად სამაგალითოდ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობებს თავს, რომ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. სულ მალე ოქროს გლობუსის დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც ჯეინს ცხოვრებისეული მიღწევის ჯილდოს გადასცემენ.

ცერემონიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათთვის დიდი პატივია ჯეინს მიანიჭონ ეს ჯილდო. „მისი უდიდესი ტალანტის გამო ფონდას აღიარება არ აკლია, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ის მუდმივად საჭირო ცვლილებებისთვის იბრძოდა“ – აცხადებენ ისინი.

Photo Credits to Turner Classic Movies

მსახიობს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ამერიკული კინო აკადემიის 2 უმაღლესი ჯილდო ოსკარი, 7 ოქროს გლობუსი, ბრიტანული კინო აკადემიის 2 ჯილდო, ემის ჯილდო და უამრავი სხვა.  მისი დებიუტი 1960 წელს შედგა, ის მალევე გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი – შთამბეჭდავად შეასრულა საკუთარი როლები ფილმებში: Barbarella, Nine to Five და On Golden Pond. ჯეინი კვლავაც აქტიურად არის ჩართული პროექტებში და მან ახლახან „ნეტფლიქსის“ კომედიურ სერიაში, Grace and Frankie მთავარი როლი შეასრულა.

Photo Credits to Getty Images

გარდა მსახიობობისა, ფონდა პოლიტიკური აქტივისტია, რომელიც ყოველთვის აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ლიბერალი ფემინისტი განსაკუთრებით გარემოსდაცვით სამოქალაქო კამპანიებშია ჩართული. 2016 წელს, მადლიერების დღეს, ჯეინი დაკოტაში მიმდინარე პროტესტს შეუერთდა და აქციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. მსახიობი იმითაც არის ცნობილი, რომ მან წიგნი დაწერა აქტივიზმის შესახებ, რომელშიც მკითხველს თავის გამოცდილებას და რჩევებს უზიარებს.