სამხედრო გადატრიალება მიანმარში

მიანმარის სამხედრო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, მას შემდეგ, რაც დააკავეს მმართველი პარტიის „ნაციონალური ლიგა დემოკრატიისათვის“ ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მისი სხვა წევრები. მთელი უფლებამოსილება გადაეცა არმიის მთავარსარდალს, რომელმაც ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა საკუთარი სამხედრო ტელევიზიის საშუალებით.

Photo Credits to Reuters

გადატრიალება მოჰყვა ქალბატონ სუ ჩის პარტიის გამარჯებას არჩევნებში, რომელიც, არმიის განცხადებით, თაღლითურად ჩატარდა. სუ ჩიმ თავის მომხრეებს მოუწოდა არ შეურიგდნენ ამ ფაქტს და იბრძოლონ გადატრიალების წინააღმდეგ. წერილში, რომელიც მოახლოებული დაკავებისთვის მომზადების პროცესში დაწერა, სუ ჩიმ თქვა, რომ სამხედრო მოქმედებები ქვეყანას კვლავ დიქტატურულ მმართველობაში აბრუნებს.

მიანმარს შეიარაღებული ძალები 2011 წლამდე მართავდნენ, მანამ სანამ დემოკრატიული რეფორმები აუნ სან სუ ჩის ხელმძღვანელობით დაასრულებდა სამხედრო მმართველობას.

აუნ სან სუ ჩი არის მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, გენერალ აუნ სანის ქალიშვილი, რომელიც მოკლეს მანამ, სანამ მიანმარმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან 1948 წელს. მან თითქმის 15 წელი, 1989–დან 2010 წლამდე, პატიმრობაში გაატარა. იგი საერთაშორისო დონეზე აღიარეს, როგორც „დემოკრატიის შუქურა“ და 1991 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში.

თუმცა, სან სუ ჩის კარიერაში შავ ლაქად რჩება როჰინჯების, ბენგალელი მუსლიმების ტრაგედია, რომელთაც ქვეყნის მთავრობა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობად არ აღიარებს. 2017 წლის 25 აგვისტოს რაკჰაინის შტატში ფორმირებულმა როჰინჯების შეირაღებულმა დაჯგუფებამ სამართალდამცველთა რამდენიმე პუნქტზე იერიში მიიტანა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ თავდასხმას ჯარმა გენოციდით უპასუხა. რამდენიმე დღიანი მასობრივი ხოცვის შესაჩერებლად ქვეყნის დე ფაქტო ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ არაფერი მოიმოქმედა. მისი დუმილი დასავლეთმა უარყოფითად, ძალადობა კი გაერო-მ ეთნიკურ წმენდად შეაფასა.

მაშინ სან სუ ჩი ამტკიცებდა, რომ ფაქტები გადაჭარბებულია და სამხედროებმა სოფლებში მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს, როჰინჯას მეამბოხეთა დასაკავებლად. მოგვიანებით, ნობელის პრემიის ლაურეატმა აღიარა, რომ ძალის გადამეტება რაკჰაინში მართლაც დაფიქსირდა. მან გაერო-ს წინაშე პირობა დადო, რომ როჰინჯების დევნა შეწყდებოდა. იგივე პირობა დადო რომის პაპის, ფრანცისკ პირველის ვიზიტისას მიანმარში და დაგმო ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვა “როჰინჯა” მიანმარში აკრძალულია და როჰინჯების შევიწროება ქვეყანაში დღემდე გრძელდება.