ოპრა უინფრი ცნობილი აფროამერიკელი ტელეწამყვანი, ფილანტროპი, მსახიობი და ანტერპრენერია. პირველი ფერადკანიანი მილიარდელი ქალი, რომელმაც საკუთარი კარიერისა და ოცნებისთვის ბევრი იბრძოლა, დღეს უამრავი ადამიანის ინსპირაციაა. ქალი, რომელსაც არ სჯერა მარცხის, სხვებსაც ასწავლის სირთულეებთან გამკლავების გზებს. „ცხოვრებაში მიიღებთ იმას, რისი მოთხოვნის სიმამაცეც გაქვთ“ ამბობს ოპრა და თან ამატებს „ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების“.
წარმატების ფორმულა, რომელიც ოპრამ შექმნა, მარტივად შეიძლება იქცეს წარმატების ფორმულად სხვებისთვისაც. სურვილი, განწყობა, შრომისმოყვარეობა, მადლიერება-ერთი შეხედვით იოლი ჭეშმარიტება უინფრის გამოცდილებასთან ერთად ხელშესახებ რეალობას ქმნის. რეალობას, რომელთანაც გაიგივება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ალბათ, სწორედ ემპათიური დამოკიდებულების დამსახურებით შეძლო მან, რომ მაყურებლებისთვის დაემახსოვრებინა თავი და გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და გავლენიანი ტელეწამყვანი.
,,აქციე სურვილი შესაძლებლობად“
ოპრა უინფრი მისისიპის შტატში, 1954 წლის 29 იანვარს დაიბადა. მშობლები მისი დაბადებიდან მალევე დაშორდნენ და ოპრა აღსაზრდელად ბებიას მიაბარეს: „რთული იყო მისისიპიში ცხოვრება. ეს იყო იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე რასისტული ქალაქი. მზის ჩასვლის შემდეგ აქ გავლის ყველა ფერადკანიანს ეშინოდა. არ არსებობდა შესაძლებლობა შენი ადამიანობის დასადასტურებლად. მეტიც ადამიანებად არც კი გთვლიდნენ. გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. მეცხოვრა იქ, სადაც მინდოდა. გავმხდარიყავი ის, ვინც მინდოდა- ყველაზე გასაოცარი რამაა, რისი წარმოდგენაც ოდესმე შემეძლო“.
ოპრა სიღარიბეში ცხოვრობდა. ბებია, რომელიც თეთრკანიანთა ოჯახში მსახურობდა, ცდილობდა, რომ მისთვისაც ესწავლებინა ხელსაქმე. ხელსაქმე, რომ უინფრიც კარგი მსახური გამხდარიყო. ოპრა იხსენებს, რომ სწორედ ეს იყო მისთვის გარდამტეხი მომენტი: „ოთხი წლის ვიყავი მაშინ. ბებია სარეცხს ფენდა. წელზე წინსაფარი ეკეთა, რომლის ჯიბეშიც პატარა ტანსაცმლის სარჭები ეყარა. როდესაც ტანსაცმელს კიდებდა მომიბრუნდა და მითხრა: ოპრა, მიყურე და ისწავლე. ერთ დღეს შენც მოგიწევს ამის გაკეთება და მაშინ შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ არა, მე არ გავაკეთებდი ამას. ჩემი ცხოვრება ასეთი არ იქნებოდა“. ექვსი წლის ასაკში ოპრა დედამ თავისთან წაიყვანა, სადაც ის ორ ნახევარძმასთან ერთად იზრდებოდა. ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო მისთვის. მას ხშირად უწევდა დამლაგებლად მუშაობა, დედა გოგონას ყურადღებას ვეღარ აქცევდა. ცხრა წლის ასაკში უინფრი ნათესავისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლიც კი გახდა. საბოლოოდ დედამ ის მამასთან, ტენისში გაგზავნა.
,,ცხოვრების დიდი საიდუმლო არის ის, რომ ასეთი საიდუმლო არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, თუ მზად ხარ შრომისთვის, ყველაფერს მიაღწევ“
მამასთან ცხოვრება უინფრისთვის ახალი დასაწყისი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრი და აკადემიური ადამიანი იყო, უინფრის განათლებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. „კვირიდან კვირამდე ერთ წიგნს ვკითხულობდი და შესაძლოა სადილის გარეშე დავრჩენილიყავი, თუ ხუთ ახალ სიტყვას არ ვისწავლიდი“ – ამბობს ოპრა. მალე უინფრი ქალაქში სამაგალითო მოსწავლე გახდა და 16 წლის ასაკში საპატიო ორატორის ჯილდო მოიგო. გამარჯვების შემდეგ კი ოპრა Tennessee State University-მა დააფინანსა, სადაც მან სწავლა კომუნიკაციების მიმართულებით დაიწყო.
მალევე ოპრა ნეშვილის ადგილობრივმა რადიოსადგურმა შუადღის ახალი ამბების წამყვანადაც მიიწვია, სადაც ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდა ამისა, სწავლის პარალელურად ოპრამ ორჯერ მიიღო შემოთავაზება კოლუმბიის მაუწყებლობისგან(CBS). გადაცემა WTVF-TV-ს ეთერში ყოველ საღამოს გადიოდა. ის პირველი აფროამერიკელი ქალი წამყვანი გახდა. ოპრა ამ დროს სულ რაღაც ცხრამეტი წლის იყო.
,,ყველა ფიქრი გვიბიძგებს ქმედებისკენ, რომელსაც საბოლოოდ შედეგამდე მივყავართ“
უინფრი 1984 წლის იანვარში ჩიკაგოში, ილინოისის შტატში გადავიდა საცხოვრებლად და დილის თოქ-შოუს A.M. Chicago-ს წამყვანად დაინიშნა, რომელიც რეიტინგში მუდმივად ბოლო იყო. ოპრამ გადაცემის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრების შეცვლაც განაპირობა. ტრადიციულ საკითებზე საუბრის ნაცვლად, ის ახლა სხვადასხვა პრობლემურ თუ სადავო თემაზე აკეთებდა აქცენტებს. ერთი თვის შემდეგ შოუმ რეიტინგით იმ დროისთვის პოპულარულ სხვა გადაცემებს გადაუსწრო. 1985 წლის სექტემბერში კი პროგრამის სახელი და ხანგრძლივობა შეიცვალა. გადაცემას Oprah Winfrey Show დაერქვა და ერთი საათი მაუწყებლობდა. ამავე წელს გადაიღო ქუინსი ჯონასმა ოპრა ფილმში The Color Purple, რომელიც ახალგაზრდა ტელეწამყვანის პოპულარობის ზენიტი გახდა.
The Oprah Winfrey Show’ 2011 წლამდე, 25 წლის განმავლობაში გადიოდა. პირველი წლის დასასრულს პროგრამა 120 ტელეარხსა და 10 მილიონ მაყურებელს ითვლიდა. მე-19-ე სეზონის აღსანიშნავად კი წამყვანმა აუდიტორიაში მსხდომ 276 ადამიანს საჩუქრად მანქანები გადასცა. ეს იყო შემთხვევა, რომელზეც მეორე დღეს მთელი ამერიკა საუბრობდა. შოუს წარმატებამ ოპრას მისცა შესაძლებლობა შეესყიდა წილი ABC-ში და დაარსა ახალი პროგრამა „Harpo Productions“, რომლის ნაწილიც “The Oprah Winfrey Show“ გახდა. წამყვანმა სცადა გადაცემა უფრო თავისუფალი გაეხადა, თუმცა რეიტინგი საგრძნობლად დაუვარდა.
1996 წელს მან „წიგნის კლუბი“ ჩამოყალიბა. აუდიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ირჩევდა წიგნს, რომლის განხილვის მოსმენაც მათ სურდათ. მიღებული შედეგის მიხედვით კი ოპრა გადაცემაში ავტორს იწვევდა და იმართებოდა დისკუსიები. თითოეული წიგნი გადაცემის შემდეგ პოპულარული ხდებოდა. ასე ჩამოყალიბდა ტერმინი „ოპრას ეფექტი“, რომელიც გაყიდვების მომატებას გულისხმობდა. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მის გადაცემაში ხვდებოდა, პროგრამის დასრულების შემდეგ საოცრად პოპულარული ხდებოდა.
,,ყველაფერი, რასაც წარმოიდგენ, შეგიძლია შექმნა“
1998 წელს ოპრამ ქალებისთვის მედია გასართობი პროგრამა Oxygen Media შექმნა. შემდეგ კი Oprah Winfrey Network დაარსა, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის იანვრიდან დაიწყო. 2017 წელს პროგრამის აქციები Discovery-მ შეიძინა, თუმცა უინფრი კვლავაც დარჩა მაუწყებლობაში. ამავე წელს ის CBS-ის გადაცემის 60 minutes სპეციალური კორესპონდენტი გახდა.
ოპრა უინფრი ფილანტროპია. 1998 წელს მან საქველმოქმედო კომპანია „Oprah’s Angel Networks” დაარქვა, რომელიც ბავშვთა განათლებაზე და დაუცველ ქალთა დახმარებაზეა ორიენტირებული. მან ასევე დააწესა ოპრა უინფრის სტიპენდია, რომლის დახმარებითაც 250-ზე მეტ სტუდენტს 20 შტატიდან და 7 სხვადასხვა ქვეყნიდან სწავლა დაუფინანსეს. 2007 წელს მან აფრიკაში გოგონებისთვის სკოლების ასაშენებლად 40 მილიონი დოლარი გამოყო. 2013 წელს უინფრიმ თავისუფლების დარგში პრეზიდენტის მედალი მიიღო.
2020 წლის მონაცემებით, ოპრა უინფრი ფორბსის სიაში, 100 ადამიანი, ვინც ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს, 91-ე ადგილს იკავებს.