პირველი ქალი თანამედროვე დოლარის ბანკნოტზე – ჰარიეტ ტუბმანი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 20 დოლარიან ბანკნოტზე ჰარიეტ ტუბმანის გამოსახვას აპირებს. ინიციატივა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას პერიოდში გაჩნდა, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის დროს შეჩერდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ინიციატივის ხუთ წლიანი შეფერხებას შეურაცხმყოფელი უწოდა.

Photo Credits to News19

ჰარიეტ ტუბმანი ამერიკელი აბოლიციონისტი და პოლიტიკური აქტივისტი იყო, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი მონობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. მონობაში დაბადებულმა ტუბმანმა 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მას დიდი და საპატიო ადგილი უჭირავს ამერიკის ისტორიაში, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლ აფრო-ამერიკელ ქალს.

პრეს მდივნის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გამოსახავენ ჰარიეტ ტუბმანს ახალ ბანკნოტზე, თუმცა ცნობილია, რომ სახაზინო დეპარტამენტი ამ საკითხზე მუშაობს. აგრეთვე უცნობია ახალი ბანკნოტის დიზაინიც.

ამჟამინდელ 20 დოლარიან ბანკნოტზე აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტი, ენდრიუ ჯექსონია გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ ჰარიეტ ტუბმანი არ იქნება პირველი ქალი, რომელსაც ამერიკულ ფულად ერთეულზე გამოსახავენ. XIX საუკუნეში ერთ დოლარიან ვერცხლის კუპიურაზე პირველი ლედის, მართა ვაშინგტონის პორტრეტი იყო გამოსახული. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა იქნება თანამედროვე დოლარის ისტორიაში.