ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი 42 წლის ჯენ პსაკი გახდა. ბუნებრივია, რომ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მან პირველი ბრიფინგი 20 იანვარს ჩაატარა. ის რეპორტიორებს დაპირდა, რომ მისი მთავარი მიზანი სიმართლის თქმა და გამჭვირვალობა იქნება.
გამოცდილებას რაც შეეხება, ვილიამის და მერის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჯენმა მალევე დაიწყო კარიერა. ის მუშაობდა აიოვას ყოფილ სენატორ, ტომ ჰარკინთან, ასევე იყო აიოვას შტატის მე-40 გუბერნატორის, ტომ ვილსაკის გუნდის წევრი. 2008 წელს ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კამპანიის პრეს-სპიკერიც იყო. მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა, ჯენი მუშაობდა თეთრის სახლში, როგორც კომუნიკაციის ჯგუფის წევრი. 2012 წელს პსაკი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, თუმცა ამ პოზიციაზე დიდხანს არ დარჩენილა და 2014 წელს კვლავ თეთრ სახლში დაბრუნდა.
მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ თეთრი სახლი დატოვა, ჯენ პსაკმა CNN-ში დაიწყო მუშაობა, ის 4 წლის განმავლობაში პოლიტიკური კომენტატორი და კონსულტანტი იყო. ის ლექციებს კითხულობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ჯენს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ საკითხზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო უსაფრთხოება და, ამასთანავე, ეკონომიკური კრიზისის დროსაც უმუშავია, ის ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა ამ თანამდებობის დასაკავებლად.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად თეთრი სახლის კომუნიკაციების ჯგუფში მეტი ქალი წევრია, ვიდრე კაცი. „მე დიდ პატივს ვცემ დამოუკიდებელ და თავისუფალ პრესას და ვთვლი, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის მას გადამწყვეტი როლი აქვს.“ – აღნიშნა ახალმა პრეს-სპიკერმა. „შესაძლოა, იყოს მომენტები, როდესაც ჩვენ საერთო აზრი არ გვექნება, თუმცა ჩვენი საერთო მიზანი ყოველთვის იქნება, რომ ამერიკელ ხალხს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს პირველი პრესკონფერენციისას. პსაკი ყოველდღიურად ჩაატარებს ბრიფინგებს, ის ასევე უპასუხებს ჟურნალისტებს კითხვებზე.