Google-მა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის ახალი პროგრამისთვის საკუთარ ოფისებს ვაქცინაციის ცენტრებად გარდაქმნის. კომპანია პარტნიორობას უწევს One Medical-ს. ლოს ანჯელესი, სან ფრანცისკო, ნიუ-იორკი, კირკლანდი – ეს ის ლოკაციებია, სადაც პირველი ცენტრები გაიხსნება. Google იმედოვნებს, რომ პროგრამა გაფართოვდება და ყველა შტატს მოიცავს.
Google-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ვაქცინების მიღება დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია, ამ კომპანიამაც შეიტანოს წვლილი საერთო გამოწვევასთან ბრძოლაში. „ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიწყებთ ამ პროგრამას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის გაფართოვდება და სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.“ – წერს პიჩაი პოსტში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაიღო იმისთვის, რომ ვაქცინა ეფექტურად გადანაწილდეს და მეტ ადამიანს ჰქონდეს მასზე წვდომა. 100 მილიონი აშშ დოლარი CFC Foundation-ს, World Health Organization-ს და სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაეცა. პიჩაიმ აღნიშნა, რომ პანდემიასთან საბრძოლველად Google არ დაიშურებს რესურსს და სხვა ტიპის დახმარებას, რადგან ეს გლობალური პრობლემაა, რომლის სწრაფად მოგვარებაც ყველასთვის პრიორიტეტულია.