ტვიტერმა გამოქვეყნებული მასალების შინაარსის გასაკონტროლებლად ახალი საპილოტე პროგრამა Birdwatch წარადგინა, რომელსაც ამბების გადასამოწმებლად და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოიყენებენ.
როგორ იმუშავებს პროგრამა?
Birdwatch რეგულარულ მომხმარებლებს, birdwatch-ერებს, მისცემს საშუალებას, დაარედაქტირონ ნებისმიერი მასალა და ტვიტი, რომელსაც ისინი დეზინფორმაციად მიიჩნევენ. ამისათვის ადამიანებმა მოცემულ პოსტზე უნდა დატოვონ შეტყობინება ინფორმაციითა და კონტექსტით, რომელიც მათი ეჭვის საფუძვლიანობას დაამტკიცებს. მსგავსი მიდგომა ვიკიპედიის მოდერაციის პრინციპს ჰგავს, სადაც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაასწორონ და განაახლონ ინფორმაცია.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს Birdwatcher-ი. ერთადერთი მოთხოვნა ვალიდური საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის სახელზე არ ფიქსირდებოდეს ტვიტერის წესების დარღვევა.
იმისათვის, რომ მანიპულაციები შემცირდეს და დეზინფორმაცია ნაკლებად გავრცელდეს, რედაქტორთა კომენტარები და შენიშვნები პოსტის თავშივე გამოჩნდება. Birdwatcher-ებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა შეაფასონ კომენტარების ეფექტიანობა, რაც საბოლოოდ მის რეიტინგზე აისახება.
პროგრამა ჯერ-ჯერობით საპილოტე რეჟიმშია და მისი გამოყენება მხოლოდ ცალკეული ფანჯრის გახსნით არის შესაძლებელი. კომპანია გეგმავს, რომ მომავალში Birdwatch ტვიტერის ნაწილი გახადოს.
წლების განმავლობაში იზრდებოდა ტვიტერის მიმართ ზეწოლა პლატფორმაზე გავრცელებული სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გამო. წელს კი კომპანიას მკაცრი ზომების ამოქმედება მოუწია.
Twitter-მა კოვიდ-19-ისა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და სხვა პოლიტიკური ფიგურების მიერ გამოქვეყნებული პოსტები გადაამოწმა. სოციალურ ქსელს ტრამპის ანგარიშს დაბლოკვაც კი მოუწია იმ ძალადობის საფრთხიდან გამომდინარე, რასაც მისი პოსტები იწვევდა. „ჩვენ გვჯერა, რომ პროგრამას დიდი პოტენციალი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბების შემცირებაში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჩასწორებაზე იზრუნებენ ადამიანები სანდო და ღირებული წყაროებით“ – განაცხადა ტვიტერის ვიცე-პრეზიდენტმა კეიტ კოლმანმა – „ ვიცით, რომ ახლა ბევრი რამე ბუნდოვნად გვეჩვენება და დრო და დრო შეიძლება პრობლემებმაც იჩინოს თავი, მაგრამ ეს იდეა ამად ღირს“.