„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ ახალი კანონი, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო 2016-2019 წლებში მუშაობდა, „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონი გადახდისუუნარობის სფეროში მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს და მისი მიზანი ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, რომელიც კომპანიებისა და კრედიტორების ინტერესებს სრულად გაითვალისწინებს.
კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:
- შემოდის და საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესია. პრაქტიკოსი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით შეირჩევა, რაც საქმისწარმოებაში მიკერძოებული პრაქტიკოსის მონაწილეობის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
- მოვალე კომპანიის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, რეგულირებული შეთანხმების მექანიზმი ჩნდება, რაც მხარეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით მოძებნონ ფინანსური სირთულეების დაძლევის გზა და მიაღწიონ შეთანხმებას;
- მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მოთხოვნით სასამართლოში შეტანილ განცხადებას უპირატესობა ენიჭება გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებასთან შედარებით მაშინაც კი, თუ უკანასკნელის შესახებ განცხადება უფრო ადრე იქნა შეტანილი;
- მოვალის ქონების უკეთ დაცვის მიზნით, კანონი ახლებურად არეგულირებს მორატორიუმის ამოქმედების, გაუქმებისა და შეწყვეტის წესებს. არსებული რეგულაციით, მორატორიუმის პროცედურა არ იძლევა საშუალებას, გათვალისწინებულ იქნეს კონკრეტული ბიზნესის საჭიროებები. ახალი კანონის სიახლეს წარმოადგენს მორატორიუმის ღონისძიებათა დიფერენცირება კანონისმიერ და დისკრეციულ ღონისძიებებად;
- იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტორის განცხადება რეაბილიტაციის შესახებ დაკმაყოფილდება, სასამართლოს შეუძლია, რომ მართვაში მოვალე დატოვოს, თუკი ის დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად. მოვალის მართვაში დატოვებისას, სასამართლო მოვალეს რეაბილიტაციის ზედამხედველს უნიშნავს. მენეჯმენტი აგრძელებს მართვას და რეაბილიტაციის რეჟიმის წარმატებით დასრულების მიზნით, კრედიტორებთან მოლაპარაკებაში ზედამხედველთან ერთად მონაწილეობს;
- რეაბილიტაციის რეჟიმს უპირობო პრიორიტეტი ენიჭება და ჩნდება არაერთი მექანიზმი, რომლებიც კრედიტორებს წაახალისებს, მხარი დაუჭირონ რეაბილიტაციის რეჟიმის განხორციელებას;
- მოვალის ქონების მაქსიმალურად მაღალი ღირებულებით რეალიზაციისათვის, ახალი კანონი სხვადასხვა ინსტრუმენტს აწესებს. მხოლოდ სტანდარტული აუქციონის ჩატარების ნაცვლად, რეალიზაციის ფორმების სიმრავლე წესდება, რომლის მიხედვითაც, არჩევანს განაპირობებს მმართველის ვალდებულება, შეარჩიოს ყველაზე ეფექტიანი ფორმა რეალიზაციისათვის. დგინდება კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი და რიგითობა.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2021 წლის პირველი აპრილიდან შევა.