BAG პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს

COVID19-ით გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ორთვიანი მკაცრი წერტილოვანი შეზღუდვების გეგმა, რომელიც ამოქმედდა 28 ნოემბრიდან და გრძელდება დღემდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ფოტო: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად პირველი თებერვლიდან აუცილებელია როგორც წერტილოვანი, ისე სექტორული შეზღუდვების მოხსნა. ოღონდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომების დაცვით უნდა მოხდეს. იქნება ეს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, რიგების მართვა თუ პერიოდული ტესტირება.

„ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე. 2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.