5 ძირითადი ელემენტი მცირე ბიზნესისთვის მარკეტინგული სტრატეგიის გასავითარებლად

ნებისმიერი საქმიანობის დასაწყებად, პირველ რიგში, საჭიროა ბიზნეს გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს 5 ძირითად ელემენტს:

  • მისიის განსაზღვრა
  • SWOT & PESTLE ანალიზის ჩატარება
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების შედგენა
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება (ე.წ. 4P)
  • განხორციელებული საქმიანობის კონტროლი

თითოეული ამ ეტაპის ამოსავალი წერტილი კი ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი მომხმარებელი.

ეს თითქოს გადაღეჭილ თემად ჩანს, ვინაიდან ამ საფეხურებზე გვესაუბრება   ყველა ძირითადი ბიზნეს ლიტერატურა თუ სტატია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიზნესის დაწყებისას ბევრი კომპანია, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნეს ორგანიზაციები, სწორედ მარკეტინგული დაგეგმვის დროს უშვებენ შეცდომებს, რაც ხშირად მიზეზია იმ სავალალო შედეგისა, რასაც ვაწყდებით Fundera-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

ამ კვლევების თანახმად მცირე ბიზნესის 20% კრახს განიცდის პირველივე წელს, 30% მეორე წელს, 50% კი დაარსებიდან ხუთი წლის შემდეგ ქრება. საბოლოო ჯამში, მცირე ბიზნესის მფლობელების 70% კოტრდება საქმიანობის დაწყებიდან 10 წელში. ეს ციფრები ნამდვილად არაა სახარბიელო. მითუმეტეს მაშინ, როცა დღეს იმაზე მეტი შესაძლებლობა არსებობს ჩვენს გარშემო ნებისმიერი საქმიანობის გასავითარებლად, ვიდრე ოდესმე.

ასე რომ გთავაზობთ Forbes-ის ერთ-ერთი კონტრიბუტორის, რეთ ბათლის მიერ შემუშავებულ 5 ძირითად ელემენტს, რომელსაც სასურველია გავითვალისწინოთ მცირე ბიზნესის მარკეტინგული გეგმის შემუშავებისას:

მარკეტინგული სტრატეგიისა და მიზნების დასახვა

მიზნები საქმიანობის ერთგვარი მაორიენტირებელი ელემენტებია. თუმცა გვმართებს სიფრთხილე მათი შედგენისას. მნიშვნელოვანია, რომ დასახული მიზნები იყოს დროში გაზომვადი, რეალური და მიღწევადი, რომელიც ამასთანავე თანხვედრაში მოვა ჩვენი კომპანიის საერთო ხედვასთან.

მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება კი ისევ და ისევ გულისხმობს 4P-ს (პროდუქტი, ფასი, ადგილი და სტიმულირება) განსაზღვრას. ერთი შეხედვით, ეს პროცესი შეიძლება მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად საჭიროა საწყის ეტაპზე ჩვენი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმოთ იმის ზუსტ ფორმირებას, თუ კონკრეტულად რას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს, რა იქნება ჩვენი პროდუქციის ფასი, სად განვათავსებთ მას და როგორ მოვახდენთ მის სტიმულირებას მომავალში. თუ ამ ეტაპს ყურადღებით გავივლით, მაშინ წარმატებისკენ ერთ დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმული გვექნება.

მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა და პოზიციონირების განაცხადის შექმნა

აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი პროდუქცია ყველა სეგმენტზე ერთნაირად ვერ იქნება მორგებული. ამიტომ საჭიროა აუდიტორიის ასაკის, სქესის, შემოსავლიანობისა თუ სხვა კატეგორიების მიხედვით დაყოფა (გააჩნია სად გვიწევს საქმიანობის განხორციელება). ამ ჯგუფებიდან კი მოგვიწევს ჩვენთვის ყველაზე მომგებიანის ამორჩევა. მაგალითად, თუ ხარ საოჯახო ტიპის სასტუმრო არჩევანის გაკეთება მოგიწევს შედარებით დაბალშემოსავლიან სეგმენტზე.

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვანია დავიჭიროთ ჩვენი საქმიანობის ისეთი წერტილები, რომლებიც გამოარჩევს ჩვენს პროდუქტს კონკურენტისგან და თავის განსაზღვრულ ადგილს დაიკავებს მომხმარებელთა გონებაში. ეს შეიძლება იყოს ფასი, ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება ან თუნდა შეფუთვა.

ამ საფეხურის წარმატებით გავლა დაგვეხმარება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

მარკეტინგული არხების შესწავლა

მარკეტინგულ არხებში მოიაზრება ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც გვეხმარებიან საქონლის ან მომსახურების გავრცელებაში. ტრადიციული ფორმებიდან ეს შეიძლება იყოს: ტელევიზია, რადიო, ბილბორდები, ჟურნალ-გაზეთები და ა.შ. ხოლო თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიებიდან კი: სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებები, მაგალითად, ისეთი სოციალური ქსელები, როგორებიცაა Facebook, YouTube ან თუნდაც Google.

რეკლამირების გზების არჩევამდე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ თუ რის შესაძლებლობას გვაძლევს თითოეული ეს არხი და როგორ დაგვეხმარება ის პროდუქციის გავრცელებაში.

ჩვენ მიერ არჩეული მარკეტინგული არხების დაგეგმვა

მესამე საფეხურის გავლის შემდეგ უკვე მოგვიწევს ისეთი არხების არჩევა, რომელიც ზუსტად მოერგება ჩვენი მომხმარებლების მახასიათებლებს თუ ქცევებს. მაგალითად, თუ მიზნობრივ სეგმენტად შევარჩევთ 60-70 ასაკობრივ ჯგუფს, მაშინ უმჯობესია გამოვიყენოთ ტრადიციული მედია საშუალებები, ხოლო თუ ჩვენი ძირითადი მომხმარებელი გაერთიანებული იქნება 20-დან 35 წლის შუალედში, მაშინ ძირითადი აქცენტის გაკეთება ციფრულ სოციალურ ქსელებზე მოგვიწევს. ანუ, ამ შემთხვევაში არსებითია ჩვენი პროდუქტის რეკლამა ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას აღმოჩნდეს.

აქვე მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ამ მხრივ ჩვენი კონკურენტების  ტაქტიკებს და ასევე არ გამოგვრჩეს ცვლილებები მომხმარებელთა ქცევაში.

განრიგისა და ბიუჯეტის შედგენა

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მიზნების განსაზღვრაზე, თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი. საჭიროა ერთი წლის ე.წ. თაიმლაინისა და ბიუჯეტის წინასწარ გაწერა, რათა თავიდანვე ვიცოდეთ თუ წლის რომელ პერიოდში გაყიდვების ან ხარჯების რა მოცულობას უნდა ველოდოთ.

ამ ეტაპზე არსებითია სეზონური ტენდენციების გათვალისწინება. როგორც წესი, სადღესასწაულო პერიოდში იზრდება რეკლამირების ხარჯები და მოთხოვნაც კონკრეტულ პროდუქციაზე, შესაბამისად, არ უნდა ჩამოვრჩეთ საბაზრო ტენდენციებს და მზად უნდა ვიყოთ აღმასვლა-დაღმასვლისთვის.

სულ ესაა ის 5 ძირითადი  ეტაპი, რომელსაც კარგი იქნება თუ ყურადღებით გავივლით საქმიანობის დაწყებამდე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული მარკეტინგული სტრატეგია არაა უცვლელი. იგი გზა და გზა ისევე იცვლება და ვითარდება, როგორც თვითონ ჩვენი საქმიანობა.

ბოლოს კი კიდევ ერთი რეკომენდაციის სახით ვიტყოდი, რომ დღესდღეობით ინტერნეტი გვაძლევს იმაზე მეტ შესაძლებლობას, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უბრალოდ საჭიროა ვისწავლოთ მისი სწორად გამოყენება. საკმარისი ფინანსების არქონა უკვე აღარაა დამაბრკოლებელი ფაქტორი მარკეტინგული კვლევის ჩატარებისთვის. მაშასადამე ერთადერთი, რაც რჩება ჩვენი სურვილი და მონდომებაა.