ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სახაზინო მდივნობის კანდიდატის, ჯანეტ იელენის, აზრით, კრიპტოვალუტებს ახალი შეზღუდვები და რეგულაციები უნდა დაუწესონ. იელენის თქმით, კრიპტოვალუტებს ფულის გათეთრების მიზნით იყენებენ და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს.
იელენმა განაცხადა, რომ საჭიროა ისეთი გზებისა და მექანიზმების მოფიქრება, რომლებიც შეძლებენ ბლოკჩეინის გაკონტროლებას და მთავრობას მისცემენ ტრანზაქტორების იდენტიფიკაციის საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული სისტემა თანხის ანონიმური გზით გადარიცხვის საშუალებას იძლევა. ტრადიციული ფინანსური სისტემებისაგან განსხვავებით, სადაც აუცილებელია თანხის გამგზავნისა და მიმღების ვინაობების რეგისტრაცია, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა არ მოითხოვს მსგავს ინფორმაციის დადასტურებას.
ექსპერტების თქმით, ბლოკჩეინ სისტემა, მოქნილობისა და სიმარტივის გამო, მიმზიდველია კრიმინალური დაჯგუფებების, ტერორისტული ორგანიზაციებისა და ფულის გამთეთრებელთათვის.
იელენის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი. მისი განცხადებით, კიპტოვალუტებისა და, კერძოდ, ბიტკოინის დარეგულირება გლობალურ დონეზეა საჭირო.
კრიპტოვალუტების დარეგულირების საკითხში, ამერიკისგან განსხვავებით, ევროკავშირი შედარებით წინაა. ევროკავშირის კანონმდებლები აქტიურად მუშაობენ კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სისტემის შემუშავებაზე, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გააერთიანებს.
ევროპული კომისიის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ კრიპტოაქტივები თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების კატეგორიას მიეკუთვნებიან და მათ დასარეგულირებლად ახალი კანონების შემუშავებაა საჭირო.
ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოვალუტის გაკონტროლება ფიზიკურად შეუძლებელია და ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაც სწორედ ესაა, თუმცა, შესაძლოა, კრიპტოვალუტის გამცვლელ პუნქტებზე რეგულაციის დაწესება, რომელიც ასეთ პლატფორმებს აიძულებს კრიპტოვალუტის შეძენისას მოითხოვონ მყიდველის იდენტიფიკაცია და ეს ინფორმაცია სახელმწიფო მონაცემთა ბაზაში გააგზავნონ.
მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტების სრულად გაკონტროლება მაინც შეუძლებელი იქნება და დიდი ვარაუდით, კრიმინალები კვლავაც აქტიურად ისარგებლებენ ბლოკჩეინ სისტემით.
მთავრობის ეს ინიციატივა ნეგატიურად აისახა კრიპტოვალუტების ბაზარზე, აღსანიშნავია, რომ იელენის განცხადებიდან ბიტკოინის(BTC) ფასი 15%-ით დაეცა.