გორში მდებარე სამკერვალო „ლიდერის“ მიერ წარმოებული საბავშვო ტანისამოსი „ლიდერქიდსი“ მალე ბრიტანულ Amazon-ზე გამოჩნდება. ამის შესახებ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ საინფორმაციო სააგენტო BM.GE-სთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად EPRC-ის ხელშეწყობით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან, რის შემდეგადაც სატესტო, რამდენიმე ასეული პარტია გაიგზავნება, რომლის გაყიდვაც, სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულზე დაიწყება და კომპანიაც მოთხოვნის შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. დამფუძნებელს მიაჩნია, რომ „ლიდერქიდსის“ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იქნება.
ნინო გიორგაძის თქმით, ნაწარმის ექსპორტზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტის შესახებ კურსები და EPRC-ის ხელშეწყობით საერთაშორისო კომპანიასთან ექსპორტის წარმოების გზები გაიარეს. დღესდღეობით, საერთაშორისო საბავშვო გამოფენა Play Time-ზე მონაწილეობისთვის ემზადებიან.
„Play Time-ში მონაწილეობისას „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით ვყიდულობთ ციფრულ სავაჭრო სივრცეს, სადაც ერთი წლის განმავლობაში განთავსდება ჩვენი პროდუქცია. ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩვენ პოტენციური მყიდველის შეთავაზებებზე ვისაუბრებთ და ასე გავაცნობთ ჩვენს პროდუქციას მათ“ – აცხადებს დამფუძნებელი.
ნინო გიორგაძე იმედოვნებს, რომ ორ წელიწადში „ლიდერქიდსი“ რამდენიმე ქვეყანაში გავა ექსპორტზე, რაც ძალიან მნიშნელოვანი იქნება კომპანიისათვის. ამასთან, მას მიაჩნია, რომ კომპანია ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების ათვისებით შეძლებს წარმოების გაზრდას. მათი გათვლებით ზრდამ 10%-15% უნდა შეადგინოს, რაც საშუალებას მისცემთ აითვისონ სამკერვალოს წარმადობის რესურსი. მნიშნელოვანი წარმატებების მიუხედავად, დამფუძნებელს თვლის, რომ 45,000-ცალიან წარმოებაზე გადასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.