აშშ ირანის მთლიან საფინანსო სექტორს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი დააანონსა, რაც, ფაქტობრივად, ქვეყანას გლობალური საფინანსო სისტემიდან გამოთიშავს.

Photo Credits to Mohamadreza Nadimi / Reuters

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ შავ სიაში შეიყვანს ირანის 18 უმსხვილეს ბანკს, რომელთაგან 16 მიზანმიმართულად ოპერირებს ირანის საფინანსო სექტორში. ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ერთი ბანკი უკვე სანქცირებული Iranian Bank-ის მიერ კონტროლირებადი დაწესებულებაა, ხოლო ერთი მათგანი  ირანის შეიარაღებულ ძალებთანაა დაკავშირებული.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ირანის ეკონომიკის ფინანსური სექტორი მნიშვნელოვანი იარაღია სახელმწიფოსათვის, განახორციელოს სხვადასხვა სახის არასასურველი აქტივობები, ამიტომაც ის უნდა გაკონტროლდეს. შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები არ იმოქმედებს ირანელი ხალხის დასახმარებლად განხორციელებულ ჰუმანიტარულ ტრანზაქციებზე.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი და განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, პანდემიის პერიოდში მათი საკვებისა და სამედიცინო მარაგის დარჩენილი არხებიც დახუროს, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ამერიკის ეს ნაბიჯი კი, რომელიც ხალხის შიმშილისკენაა მიმართული, მისი აზრით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.