მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია, რადგან ამ სამყაროში კონკურენცია გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ბევრი რამ შეიცვალა, დღეს კრეატიული დირექტორების პოზიციაზე კვლავ მამაკაცები ჭარბობენ. Business of Fashion-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, მოდის სახლების მმართველებს შორის მხოლოდ 40.2% დიზაინერი იყო ქალი. 2018 წელს ეს სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კვლევამ აჩვენა, რომ ქალი დიზაინერების რაოდენობა გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ინდუსტრიაში მოღვაწეობა რობინ „რიანა“ ფენტიმაც.
რობინ „რიანა“ ფენტი, ძირითადად, მუსიკალური კარიერის გამო იყო ცნობილი, თუმცა ბოლო წლებში მისი გავლენა მოდის სამყაროში საგრძნობლად გაიზარდა. რიანა 1988 წელს ბარბადოსში დაიბადა. 16 წლის ასაკში მშობლიური ქვეყანა დატოვა და კარიერის შესაქმნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. მისი პირველი ალბომი Music of the Sun 2005 წელს გამოქვეყნდა, ამ დროს მომღერალი 17 წლის იყო. მან 9 გრემის ჯილდო მოიპოვა, მისი ნამუშევრები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია მუსიკალურ ინდუსტრიაში. რიანა სიახლეებს არასდროს უშინდებოდა და მოულოდნელი არ იყო, რომ 2017 წლის შემდეგ მოდის ინდუსტრიაშიც სცადა ბედი.
იქიდან გამომდინარე, რომ მომღერალი მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო არაორდინალური გემოვნების, სტილისა და ჩაცმულობის გამო, მისთვის ძნელი არ ყოფილა ბრენდისთვის დაფინანსების მოპოვება. 2017 წელს Fenty Beauty დაარსა, ერთი წლის შემდეგ კი – Savage x Fenty. საბოლოოდ LVMH-ს მფლობელობის ქვეშ საკუთარი ბრენდიც ჩამოაყალიბა, რომელიც დღეს Fenty-ს სახელით არის ცნობილი. LVMH-ს 1987 წლის შემდეგ არ შეუქმნია ახალი მოდის სახლი და ეს უნიკალური შესაძლებლობა სწორედ რიანას მიეცა. ამ კომპანიის შექმნამდე რიანას ჰქონდა მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება – ის გერმანული კომპანიის „პუმა“ კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა.
რიანა არ არის პირველი მუსიკოსი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში გადაწყვიტა კარიერის შექმნა, თუმცა ჯერჯერობით, განსხვავებით სხვებისგან, 32 წლის დიზაინერი ნამდვილად უნიკალურ ნამუშევრებს სთავაზობს ამ სფეროს. ყველას სურს, მასთან ერთად შექმნას კოლექცია, რადგან მომღერალი მუდამ ცდილობს, რაიმე გამორჩეული შექმნას.
აღსანიშნავია, რომ რიანა პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელიც მოდის სახლის მმართველი გახდა. მისი ბრენდი მომხმარებლებს ექსპერიმენტულ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს.
რიანას კომპანია Savage x Fenty ერთ-ერთი პირველი იყო ბრენდებს შორის, რომელმაც ყველა ზომის პროდუქცია წარუდგინა მოდის სამყაროს და ეს ეხება მოდელების შერჩევასაც. რიანას ამ ქმედებებმა ინდუსტრიაში ცვლილებები გამოიწვია, დღეს გაცილებით მეტი მოდელია ამ სფეროში, რომლებიც „არასტანდარტული“ წონით გამოირჩევიან.
რიანასადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა ბრენდის ჩამოყალიბების შემდეგ, მასთან ინტერვიუ T Magazine-მა მოიპოვა. დიზაინერმა აღნიშნა, რომ მისთვის კვლავ ძნელია, დაიჯეროს, რომ პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელიც ბრენდის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა. ის იაზრებს პასუხისმგებლობას და წნეხს, რომელიც ამ მოვლენას თან ახლავს. „ეს ისტორიული მომენტია, როგორც ჩემთვის, ასევე – ჩემი თაობისთვის“ – აღნიშნა მან პარიზში, ბრენდის ფილიალის გახსნისას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს განათლება მიღებული მოდის ინდუსტრიის შესახებ, ყოველდღიურად ბევრს სწავლობს, რათა ბრენდს უკეთ უხელმძღვანელოს. მან აღნიშნა, რომ კომპანიას Fenty იმიტომ დაარქვა, რომ „რიანა“ ყველასთვის მუსიკასთან ასოცირდებოდა და ეს მისი ტანსაცმლის ხაზისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
რიანა და მისი ბრენდი ყოველთვის ცდილობს, დამწყებ დიზაინერებს დაეხმაროს, ისინი არაერთ კოლექციას ქმნიან მათთან ერთად. როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს, მისთვის ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ახალგაზრდების იდეები უმეტესად მოსწონს. რიანა ამბობს, რომ ტრადიციების მიმდევარი დიზაინერი არ არის და სწორედ ეს მოსწონს მოდის ინდუსტრიას მასში.
რიანა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ემიგრანტმა გოგონამ აისრულოს ამერიკული ოცნება. 2019 წელს მან British Fashion Awards-ზე – როგორც დიზაინერმა – პირველი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად მისმა ბრენდმა კატეგორიაში Urban Luxe გაიმარჯვა. პანდემიის პერიოდში მან Fenty University დაარსა, რომელიც მომხმარებელს ვირტუალურ გაკვეთილებს სთავაზობს. როგორც ჩანს, რიანა გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში კიდევ მრავალ სიახლეს წარუდგენს თავის გულშემატკივრებს.