ჯილ ბაიდენი, ახლა უკვე აშშ-ს პირველი ლედი, ზოგისთვის კი უბრალოდ დოქტორი ბაიდენი, პირველი ქალი იქნება 231 წლის განმავლობაში, რომელსაც თეთრი სახლის გარეთ ანაზღაურებადი სამუშაო ექნება სრულ განაკვეთზე: „დოქტორი ბაიდენი განაგრძობს მუშაობას ჩრდილოეთ ვირჯინიის საზოგადოებრივ კოლეჯში, მისი საჯარო როლისგან განცალკევებით“ – განაცხადა მისმა სპიკერმა, მაიკლ ლაროზამ, რასაც NY Times-თან. დოქტორი ჯილისთვის ეს რთული არ უნდა იყოს, რადგან მან ეს უკვე შეძლო მეორე ლედობისას, როცა ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა: „ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინდა ხალხმა დააფასოს მასწავლებლები, იცოდნენ მათი წვლილი და აამაღლონ ეს პროფესია.“ – უთხრა ჯილმა CBS News- ის კორესპონდენტს რიტა ბრავერს.
ამ ამბავს დადებითად ეხმაურებიან სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის ექსპერტებიც: „პირველი ლედის ნამდვილი მოდერნიზაცია იქნება, რომ პრეზიდენტის მეუღლე ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, როგორც ქალების უმრავლესობა“ – თქვა ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა კეტრინ ჯელისონმა. თავად მიშელ ობამაც ჯერ კიდევ ჯილის მეორე ლედობის პერიოდშიც აფასებდა მის წამოწყებას და შორიდან აკვირდებოდა ბაიდენის ძალიან გადატვირთულ გრაფიკს. ჯილის კოლეგებიც თვლიან, რომ ეს ფაქტი შეცვლის მათ ცხოვრებას: „წარმოიდგინეთ, ისეთი ადამიანი ცხოვრობს თეთრ სახლში, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა და კარგად ესმის ჩვენი საჭიროებები და პრობლემები“ – თქვა სტეფანი ინგრამმა, მეოთხე კლასის პედაგოგმა და დელავერის სახელმწიფო საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტმა.
როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი გახდა და ბაიდენები საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდნენ, ჯილმა კარიერა Northern Virginia Community College-ში (NOVA) ინგლისურის პედაგოგად განაგრძო და ასწავლიდა სრულ განაკვეთზე მთელი რვა წლის განმავლობაში. „სწავლება არ არის ის, რასაც მე ვაკეთებ. ეს არის ის, ვინც ვარ მე“ – განაცხადა ბაიდენმა აგვისტოს ტვიტერზე, კონგრესზე სიტყვით გამოსვლამდე. ბაიდენი არის უნივერსიტეტის პროფესორი, ბაკალავრის დიპლომით, ორი მაგისტრისა და განათლების დოქტორის ხარისხით.
მეორე ლედობის პერიოდში მას „ორმაგი ცხოვრება“ ჰქონდა და ამას თავის მოგონებებში იხსენებს. როდესაც სტუდენტები ეკითხებოდნენ, იყო თუ არა იგი ჯო ბაიდენის ცოლი, ის ეუბნებოდა, რომ მხოლოდ ნათესავია. „თუ ძალიან ახდენდნენ ზეწოლას ჩემზე, რომ მეღიარებინა ჩემი ვინაობა, მე უბრალოდ ვეუბნებოდი, იცით, მე პირველ რიგში თქვენი ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ“- განუცხადა მან NPR- ს 2013 წელს და დასძინა, რომ მას პროფესორის ცალკე როლი აქვს.
ბაიდენი არ ასწავლიდა მეუღლის საარჩევნო კამპანიის დროს, რაც Washington Post-ის თანახმად 1981 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მისი თქმით, მას სურდა მხარი დაეჭირა ქმრისთვის: „ის ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს კარიერას“ – თქვა მან CNN- ის ეთერში, „ახლა მისთვის კრიტიკული დროა და მხარი უნდა დავუჭირო მას, რადგან, იცით, მე მსურს ცვლილებები.“
როგორც მეორე ლედიმ, დოქტორმა ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ კოლეჯებზე, სამხედრო ოჯახებსა და ქალებისა და გოგონების განათლებაზე მთელ მსოფლიოში. პირველი ლედობის პერიოდში კი ის აპირებს კვლავ განაგრძოს ეს პროექტები. ახალი გეგმების სიაშია ასევე სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური რესურსებისა და ინტერნეტის არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებაც.