ვაქცინაციის ეროვნული გეგმა – ვინ, როდის და როგორ შეძლებს კორონავირუსზე აცრას საქართველოში

მსოფლიოში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. პოლიტიკოსები, მსახიობები, სამედიცინო პერსონალი – უამრავი ადამიანი ერთვება COVID-19-ის წინააღმდეგ დაწყებულ ვაქცინაციის მარათონში. დიდი ბრიტანეთი იყო პირველი  ქვეყანა, რომელმაც ფაიზერის ტიპის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა და მოქალაქეების აცრა დაიწყო. მასობრივ იმუნიზაციაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს ახალი მოცემულობა აქვს. მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, ვაქცინის დოზა კი – არასაკმარისი. მის ეტაპობრივად მიღებას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ სასურველი მარაგის მოპოვებას ყველა ერთდროულად ცდილობს.  შეზღუდულ ვაქცინათა რაოდენობის ფონზე მდიდარი ქვეყნების ეს მცდელობა ღარიბი ქვეყნების ნაკლებ შესაძლებლობებზე აისახება. ,,კატასტროფული მორალური მარცხი“- ასე შეაფასა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ არათანასწორობის პოლიტიკა – ,, ერთ ღარიბ ქვეყანაში 25 დოზა გაიგზავნა, მაშინ როდესაც 50 მდიდარ ქვეყანას 39 მილიონი ვაქცინა მიეწოდა“.

რა ხდება საქართველოში და როდის მიიღებს ის ვაქცინას?

საქართველოში ვაქცინის შემოტანა პირველ კვარტალში იგეგმება. მოდერნა, ფაიზერი და ასტრაზენეკა ის ვაქცინებია, რომელთა  მიღებასაც ჯანდაცვის სამინისტრო აანონსებს, თუმცა მანამ სანამ ქვეყანაში იმუნიზაცია დაიწყება, საჭიროა გეგმა. გეგმა იმის შესახებ, თუ ვინ, სად და როგორ აიცრება და რა პლატფორმებსა თუ ღონისძიებებს გამოიყენებს ამისათვის ჯანდაცვის უწყება.

21 იანვარს მთავრობის სხდომაზე  ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დამტკიცდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია გამართა და გეგმაში გაწერილ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში  მაღალი მოცვის მაჩვენებელია საჭიროა, რომელსაც შერჩეული ვაქცინების ეფექტურობა და ბუნებრივი იმუნიტეტი განსაზღვრავს. სწორედ მოცვის მაჩვენებელი არის მოსახლეობის დაცვის გარანტი, ამიტომ ეროვნული გეგმის ძირითადი ამოცანაა, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ უკვე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული 700 000 ადამიანისთვის სამყოფი დოზის მისაღებად, თუმცა მარაგის ერთბაშად მიღება არ მოხდება.  

Photo Credits to Pixabay

სამიზნე მოსახლეობა – ვინ აიცრება თავდაპირველად?

იმუნიზაციის პროგრამა ეტაპობრივად გაიშლება. თავდაპირველად პრიორიტეტული და მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფა მოხდება, შემდეგ კი დანარჩენი მოსახლეობის.

  • სამედიცინო პერსონალი (I ეტაპი)- ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ სწორედ ამ სექტორის მუშაკები არიან, რაც თამარ გაბუნიას თქმით, 71 000 ადამიანს ითვლის. თავდაპირველ ეტაპზე მათი 65% აიცრება (46 000 ადამიანი).
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები (I ეტაპი)- ჯანდაცვის მუშაკების შემდეგ, გეგმაში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი იქნება გათვალისწინებული. ამ ადამიანთა რაოდენობა მცირეა, სულ რაღაც 2 600 ადამიანი და პირველ ეტაპზე მათ 60%-ს აცრიან.
  • ასაკობრივი ჯგუფები და ძირითადი სერვისის მიმწოდებლები (I ეტაპი) – ამ ჯგუფში ორი ასაკობრივი კატეგორია ერთიანდება. ადამიანები 75 წელს ზემოთ და პირები 65-დან 74 წლამდე.
  • გადაუდებელი სერვისის მიმწოდებლები (II ეტაპი) – ამ კატეგორიაში შედიან სერვისის მიწოდებასა და შეუფერხებელ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირები. კერძოდ კი, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. აღნიშნულ ჯგუფს 180 ათასი ადამიანი მიეკუთვნება და პირველ ეტაპზე 108 ათასს აცრიან.
  • სხვა ასაკობრივი ჯგუფები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები (II ეტაპი) – აქ მოდის შედარებით ნაკლები რისკის ჯგუფი – პირები 55-დან 64 წლამდე და ადამიანები 18-დან 54 წლამდე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისეთივე, როგორიცა გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული დაავადებები, ასევე დიაბეტი.

მოსახლეობის სხვა ჯგუფებს 1 434 567 ადამიანი შეადგენს. გეგმის თანახმად მიზნის მისაღწევად ქვეყანას დაახლოებით 3 979 000 ვაქცინა დასჭირდება (იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით). გარდა ამისა, არსებული ვაქცინა მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვის არის გათვალისწინებული.

Photo Credits to Dado Ruvic / Reuter

3 ტიპის ვაქცინა, რომელსაც საქართველო აღიარებს

ჯერჯერობით ქვეყანა მხოლოდ სამ ვაქცინას აღიარებს – ,,ფაიზერს“ , ,,მოდერნასა“ და ,,ასტრაზენეკას“ . პირველ ეტაპზე საქართველოში ,,ფაიზერის“  შემოტანა იგეგმება, შემდეგ კი ,,ასტრაზენეკა“ შემოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ვარაუდით, მეორე და მესამე კვარტალში დასაშვები ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება, რადგან დამატებით რამდენიმე  ვაქცინა ბოლო ფაზაშია და ავტორიზაციას ელოდება.

  • ფაიზერი – ვაქცინას FDA(Food and Drug Administration)-მ ავტორიზაცია 11 დეკემბერს მიანიჭა. მესამე ფაზის კვლევისას მან 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. მისი შენახვა მხოლოდ სპეციალურ მაცივრებშია შესაძლებელი და -70 ცელსიუსი ესაჭიროება. ფაიზერის ვაქცინა ორჯერ კეთდება. მნიშნელოვანია, რომ პირველი ვაქცინის გაკეთებიდან 21 დღე იყოს გასული.
  • მოდერნა – მოდერნას ვაქცინა 94.5%-ით ეფექტურია. მან ავტორიზაცია 19 დეკემბერს გაიარა. ფაიზერის ვაქცინის მსგავსად, მოდერნაც რნმ ვაქცინაა, მაგრამ შენახვის პირობები ფაიზერისგან განსხვავებული აქვს. სახლის ტემპერატურაზე, 2-8 გრადუსზე, 30 დღე ძლებს. ხოლო -20 ცელსიუსზე შენახვის შემთხვევაში ვარგისიანობის ვადა  ექვს თვემდეა. მოდერნას ვაქცინა კეთდება ორჯერ. ხელახლა  გაკეთება შესაძლებელია 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინის გაკეთებიდან.
  • ასტრაზენეკა – ასტრაზენეკა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინაა. მისი საშუალო ეფექტიანობა 70%-ია, შენახვა და ტრანსპორტირება კი შესაძლებელია ჩვეულებრივი გამაგრილებელი მაცივრის პირობებშიც. ასტრაზენეკა 2-8 გრადუსზე მინიმუმ ექვსი თვე ძლებს. ის ,,მოდერნასა“ და ,,ფაიზერისგან“ განსხვავებით ადენოვირუსული ვაქცინაა. ვაქცინა კეთდება ორჯერ, 28 დღის შუალედებით.

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაში ვაქცინაციისთვის შერჩეული რამდენიმე დაწესებულებაა ჩამოთვლილი. ესენია: საავადმყოფო, იმუნიზაციის კლინიკები, მობილური ბრიგადები და მასიური ვაქცინაციის ცენტრები დიდ ქალაქებში.

საავადმყოფოები საკუთარი სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფების ასაცრელად გამოიყენება. იმუნიზაციის კლინიკაში აიცრებიან, როგორც საკუთარი და მიმაგრებული პერსონალი, ასევე დანარჩენი მოსახლეობა.  მობილური ბრიგადების მოვალეობა ხანგრძლივი დაყოვნების ბენეფიციართა და მომვლელთა და გარდა ამისა, ბინაზე მყოფ პირთა აცრა იქნება. ბრიგადა შესაძლოა სოფლის მაცხოვრებელთა ასაცრელადაც გამოიყენონ.  მასიური ვაქცინაციის ცენტრი კი სამ დიდ ქალაქში -თბილისში, ქუთაისში და ბათუმში – როგორც პრიორიტეტულ, ასევე  ზოგადად მოსახლეობასაც  აცრის. „ვაქცინაციის პროგრამა იქნება ძალიან ინტენსიური და იმუნიზაციის ის რესურსი, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას სხვა ვაქცინების ადმინისტრირებისთვის, პრაქტიკულად, უნდა გაოთხმაგდეს“ – განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, ადამიანური რესურსის გადასამზადებლად ჯანმო-სა და სხვა ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ გაიდლაინებს გამოიყენებენ.