თუ დილით ადრე გაღვიძება, უნიფორმის ან სულაც ლამაზი ტანსაცმლის ჩაცმა, ხალხით სავსე, რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და მთელი დღე მომღიმარი სახით უფროსის წინაშე მუშაობა არ გინდათ – შეგიძლიათ, ფრილანსერი გახდეთ.
საკუთარი ოთახიდან მუშაობა, დროისა და ფინანსების ეკონომია, თავისუფალი სამუშაო განრიგი, სასურველი პროექტები და საკმაოდ კარგი ანაზღაურების მიღება – ეს ის არის, რასაც მსოფლიოში თითქმის მილიარდამდე ადამიანი აკეთებს, მათ ფრილანსერებს, ანუ შტატგარეშე თანამშრომელებს ვეძახით.
ფრილანსერები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობენ. ისინი ხატავენ, წერენ, თარგმნიან ტექსტებს, ქმნიან მუსიკას, ამონტაჟებენ ვიდეორგოლებს… თუმცა ამას აკეთებენ ერთი განსხვავებით – მათ არ აქვთ კონკრეტული სივრცე, მაგალითად, ოფისი, მუშაობისათვის. გასულმა წელმა და სახლიდან მუშობის პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ შესაძლებელი და მეტად კომფორტულიც კია აუცილებელი საქმის ამგვარად შესრულება.
ფრილანსერობის მუდმივ სამსახურთან შეთავსებაცაა შესაძლებელი. ვინაიდან ის არ მოითხოვს მუდმივ მზადყოფნას და არ აქვს განსაზღვრული სამუშაო საათები, შტატგარეშე თანამშრომელთა 55%-ს სხვა, სრულგანაკვეთიანი სამსახურიც აქვს. ფრილანსერებს თავად უწევთ, უმეტესად ინტერნეტის დახმარებით, დამკვეთისა და შესასრულებელი პროექტის მოძიება, შესაბამისად, ესეც უფრო პრაქტიკულსა და დასაქმებულზე მორგებულს ხდის მუშაობის პროცესს. თანაც, შესაძლებელია, რომ ფრილანსერებმა უცხოურ კომპანიებთანაც ითანამშრომლონ, რისი შესაძლებლობაც, ალბათ, ხშირად, მუდმივი სამსახურის პირობებში არ ექნებოდათ.
ფრილანსერები, დროებით დასაქმებული ადამიანები და დამოუკიდებელი კონტრიბუტორები ე.წ. Gig ეკონომიკას ქმნიან. იგი ტრადიციული ეკონომიკის საპირისპიროა და ორიენტირებულია იაფი და მეტად ეფექტური სერვისების შექმნაზე. Gig ეკონომიკა არ გვკარნახობს, რომ ერთი სრულგანაკვეთიანი სამსახური უნდა გვქონდეს, პირიქით, თუ დღის პირველ ნახევარში იურისტები ვართ, ნაშუადღევს შეგვიძლია მზარეულები გავხდეთ ან საკუთარი ბიზნეს გეგმა დავსახოთ. სწორედ ასეთ ადამიანებზე მოდის აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%.
შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება დაბალი არაა. იგი დამოკიდებულია ფრილანსერების მიერ შესრულებული დავალების ხარისხსა და დროზე, იმაზე თუ საიდან მუშაობენ ან რა სირთულის პროექტს მოჰკიდეს ხელი. ერთი პროექტისათვის საკმაოდ მაღალ თანხას უხდიან გრაფიკულ დიზაინერებს, ვებ დიზაინერებს, კოპირაითერებსა და სოციალური მედიის მენეჯერებს. თუმცა, ფრილანსერები ყველაზე მოთხოვნადები პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში არიან და შესაბამისად, ყველაზე მაღალი ანაზღაურებაც პროგრამისტ ფრილანსერებს აქვთ. ისინი ხშირად დიდი კორპორაციებსაც ტოვებენ და საკუთარ თავს ფრილანსინგში ცდიან. ასეთებს შორისაა ჯეიმს ნაითი, რომელმაც გუგლში მუშაობა შეწყვიტა და ფრილანსერი პროგრამისტი გახდა. ამჟამად, მისი მთავარი საქმიანობა მობილური აპლიკაციების შექმნა და პროგრამების წერაა. ჯეიმს ნაითი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფრილანსერია და საქმის სირთულიდან გამომდინარე, მისი, როგორც დამოუკიდებელი დეველოპერის, ანაზღაურება საათში 1,000 დოლარია. თუმცა, რა თქმა უნდა, ფრილანსერობის პირველივე კვირაში ამ თანხის გამომუშავება, რთულია.
ფრილანსერების ნახევარზე მეტი 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდები (Gen Z) არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ფრილანსერობა მომავლის პროფესიაა და მის პერსპექტივასაც ხედავენ. თანაც, უნივერსიტეტებსა ან კოლეჯში სწავლასთან ერთად კარგად ახერხებენ ცოტაოდენი ფულის გამომუშავებას, ამასთანავე კომპანიების მხრიდანაც მათზე ბევრად მაღალია დაინტერესება.
შტატგარეშე თანამშრომელთა უმეტესობა (65%) კაცია. მეტად თანასწორი სამუშაო გარემოს ძიებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით ქალები ფრილანსერობას იწყებენ, თუმცა აქაც თავს იჩენს ე.წ. Gender Pay Gap, ანუ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულების შემთხვევაშიც ქალისა და კაცის ანაზღაურება, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. ხშირად, დამსაქმებლებიც კაცი ფრილანსერების აყვანაზე არიან ორიენტირებული და თუნდაც, უკეთესი უნარების მქონე ქალს, უარს ეუბნებიან. Forbes-ის 2020 წლის სტატისტიკის მიხედვითაც, კაცი ფრილანსერები 45%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები. ეს პროცენტული მაჩვენებელი კი არ მცირდება. ხოლო, IPSE-ის 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალ და კაც შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებას შორის ყველაზე მაღალი განსხვავება, 56%, აშშ-სა და პოლონეთშია.
შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ფრილანსერების გაერთიანებაც (Freelancer Union) კი არსებობს. მათთვის ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება ფრილანსერების ჯანმრთელობის დაზღვევისა და დეკრეტული შვებულების აღების საკითხი. ვინაიდან მათ მუდმივი სამსახური და ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი არა აქვთ, უწევთ, გარკვეულ შეზღუდვებს დაემორჩილონ. მაგალითად, იმის გამო, რომ ფრილანსერები ოფიციალურად არც ერთ კომპანიაში არ არიან რეგისტრირებული, კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახელმწიფო დახმარება მათმა უმრავლესობამ ვერ მიიღო. ამ თემებზე კი ფრილანსერთა გაერთიანება კვლავ მუშაობს.
ასე რომ, თუ საყვარელი მუსიკალური ბენდის კონცერტზე წასვლა, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ან მობილურის გამოცვლა გინდათ, თუმცა ხელფასის გათვალისწინებით, თავს უფლებას ვერ აძლევთ, არ გინდათ გაურკვეველი წარმომავლობისა და ცუდი სლოგანის მქონე ბანკიდან სესხის აღება. გირჩევდით, ფრილანსერებისათვის განკუთვნილ ონლაინ პლატფორმებზე დარეგისტრირდეთ და თქვენთვის სასურველი პროექტების ძიებას შეუდგეთ.