4 გზა, რომელიც თქვენს კომპანიას 2021 წელს წარმატების მიღწევაში დაეხმარება

2020 რთულად დასაძლევი წელი გამოდგა თითქმის ყველა ბიზნეს სფეროსთვის. კორონავირუსმა ძლიერი დარტყმა მიაყენა სამუშაო ძალის ბაზარს, შეაფერხა ნედლეულის მიწოდება და ზოგიერთ საწარმოში საერთოდ ნულამდე დაიყვანა წარმოება. თუმცა, 2021 გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავივიწყოთ განვლილი წელი და განახლებული ენერგიით შევუდგეთ საქმიანობას.

Photo by Philipp Birmes from Pexels

ახალი წლის შესაძლებლობები გამოყენებულ უნდა იქნას პოზიტიური ცვლილებების შესაქმნელად და თუ გინდათ 2021 წელი იყოს წარმატებული თქვენი კომპანიისთვის მიყევით შემდეგ რეკომენდაციებს, რომელთაც Forbes-ის უფროსი კონტრიბუტორი, ჯონ ჰოლი სთავაზობს მკითხველებს:

ისწავლე მადლიერების გამოხატვა

გასული წელი რთული იყო არამარტო თქვენთვის, არამედ მთლიანად თქვენი გუნდისთვის. ეს არ უნდა დაგავიწყდეთ და უნდა განაგრძოთ ზრუნვა თქვენს თანამშრომლებზე, თუ გინდათ, რომ მათ თავის მხრივ მომხმარებლების კმაყოფილების შექმნაზე იზრუნონ.

ისწავლეთ, თუ როგორ აგრძნობინოთ თავი თქვენს დაქირავებულებს ღირებულად. ეს შეიძლება გააკეთოთ უბრალო შექებით ან მოქმედებით, რაიმე პატარა საჩუქრით და ა.შ. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მის მიმართ გამოხატავენ  ყურადღებასა თუ მადლიერებას.

ამასთან გახსოვდეთ, რომ ცხრიდან რვა დასაქმებული სწორედ შრომის დაუფასებლობის გამო ტოვებს თავის სამსახურს.  

ფეხი აუწყეთ ახალ ტენდენციებს

რთული 2020 წლის შემდეგ, 2021 იქნება ცვლილებების წელი, ასე რომ აუცილებელია თვალი ადევნოთ ახალ ტენდენციებს, რომლებიც შესაბამისია თქვენი საქმიანობისთვის.

ეცადეთ თვითონ აკონტროლოთ ბაზრის მდგომარეობა. თუ ყველა თქვენი კონკურენტი შეამცირებს  ხარჯებს, მაგალითად, იჯარას, ეს, რა თქმა უნდა, არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებს თქვენს კომპანიას კონკურენტული უპირატესობის თვალსაზრისით.

2020 წელს განსაკუთრებით აქტუალურ თემად იქცა სახლში მიტანის სერვისების დამატება. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლების დაქირავება ზრდის სამუშაო ძალაზე გაწეულ ხარჯებს, თქვენ შეიძლება უარის თქმა მოგიწიოთ ზოგიერთ კლიენტზე.

მოქნილი ბიუჯეტის შექმნა

ეკონომიკა შეიძლება აღდგეს, თუმცა ჯერ ისევ რჩება გაურკვევლობა. შესაბამისად, პანდემიის დასრულებამდე ფულის ფლანგვა სარისკო იქნება.

პირველ რიგში, გადახედეთ თქვენს დაგეგმილ შემოსავალს და მომავალი გაყიდვების პროგნოზირებისთვის დაეყრდენით მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის ცვლილებას.

ასევე არსებითია დაზოგოთ თანხები ისეთი მნიშვნელოვანი ხარჯებისთვის, როგორებიცაა: ხელფასები, ოფისის ქირა და საპროცენტო გადასახდელები.

კიდევ რა დაიცავს თქვენს ბიზნეს დაღმასვლისგან 2021 წელს? ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტში ერთი ან ორი ისეთი პუნქტის შექმნა, რაც რთულ პერიოდში შეასრულებს გარკვეული სახის რეზერვის როლს და მოგცემთ სარფიანი ინვესტიციის საშუალებას.

კითხეთ საკუთარ თავს: „რა შეიძლება მოხდეს უარესი?“

მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდ იმედებს ამყარებს 2021 წელზე, არაფერია გარანტირებული. კოვიდ-19-ის ახალი შტამები უკვე გავრცელდა. ამასთან ყველგან იგრძნობა სოციალური თუ პოლიტიკური შფოთი. მატულობს ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი და ინტენსივობაც.

მე არ ვცდილობ თქვენს შეშინებას. უბრალოდ მინდა დაგანახოთ სხვა უარყოფითი გარემოებები, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ბიზნესს. ასე რომ, ყველას წინდახედულობა გვმართებს.

არასდროს არ ინანოთ სიფრთხილის გამოჩენა. თუნდაც მაშინ, როცა საფრთხე არ ჩანს. გახსოვდეთ, თქვენ და თქვენი გუნდი იქნებით უფრო თავდაჯერებულები, თუ წინასწარ გექნებათ გაწერილი სამოქმედო გეგმა ყველა მოსალოდნელი შემთხვევისთვის.

ჰორიზონტზე უკვე ჩანს უკეთესი დღეები, თუმცა ისინი ჩვენამდე თავისით არ მოვლენ. საჭიროა კარი გავუღოთ მათ.