როგორ იწყება თანამედროვე საპროტესტო მოძრაობები

Photo Credits to Kayla Reefer / TIME

2020 წელს არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო, თუმცა მათი უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება, კერძოდ, “Black Lives Matter Movement”, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერ მოძრაობად მიიჩნევენ. მედია ყოველთვის ცდილობს, გააშუქოს პროტესტისას მიმდინარე მოვლენები და ნაკლები ყურადღება ეთმობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ყოველივე წამოიწყეს. სამწუხაროდ, ალისია გარზას სახელი თითქმის არავინ იცის, 39 წლის ქალმა ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. როდესაც მან უბრალო პოსტი დაწერა ფეისბუქზე, ის ვერასდროს იფიქრებდა, რომ გლობალური მოძრაობის საფუძველი სწორედ მისი სიტყვები გახდებოდა. „ძალიან დიდი განსხვავებაა პოპულარობასა და რეალურ ძალას შორის“ – აღნიშნავს აქტივისტი The Guardian-თან ინტერვიუს დროს.

PHOTOGRAPH BY DAMON CASAREZ, REDUX / National Geographic

ალისია არ იბრძვის პოპულარობისთვის, არამედ მას სურს, მისმა ქმედებებმა რაიმე პოზიტიური სიახლე გამოიწვიოს ფერადკანიანი ადამიანების ცხოვრებაში. გარზა ოკლენდში დაიბადა 1981 წელს. ის ბავშვობიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა. მას შემდეგ, რაც კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მან სტუდენტთა ასოციაცია ჩამოაყალიბა. 2013 წელს მან ოპალ თომეტთან და პატრის კულორსთან ერთად შექმნა Black Lives Matter. ეს გაერთიანება იმით გამოირჩევა, რომ ტრადიციულ ტაქტიკას არ იყენებს და პოლიტიკოსებთან ურთიერთობას არ ამყარებს.

Black Lives Matter 3 მეგობრის მიერ წამოწყებული მოძრაობაა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს შეუიარაღებელ 13 წლის თინეიჯერს, ტრეივონ მარტინს ესროლეს, გარზამ ფეისბუქის საშუალებით წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც “A love letter to Black people” უწოდა. მისმა მეგობარმა პატრისია კულორმა პოსტი გააზიარა ჰაშთაგით „BlackLivesMatter”, ოპალ ტომეტთმა კი ვებ-საიტი Blacklivesmatter.com შექმნა. 2017 წელს მათ კიდევ ერთ გაერთიანებას ჩაუყარეს საფუძველი, რომელსაც „Black Futures Lab” უწოდეს, იმ დროისთვის ამ ორგანიზაციას დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, თუმცა 7 წლის შემდეგ, 2020 წელს, შექმნილი ვითარების გამო ეს სამი ადამიანი დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა.

Photo Credits to JEFF VESPA

National Geographic-თან ინტერვიუს დროს, გარზამ აღნიშნა, რომ ცვლილების მოსაპოვებლად აუცილებელია დაუღალავი შრომა და ბრძოლა. აქტივისტის მთავარი მიზანი არ არის ბრენდის ჩამოყალიბება ან ის, რომ Twitter-ზე ჰქონდეს გავლენა, არამედ მას ბაზის შექმნა სურს, რადგან მსგავსი ქმედების გარეშე მოძრაობებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ალისია იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ დღეს ცნობად სახეებს სურთ, მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში ჰქონდეთ გავლენა და არ ცდილობენ, ფიზიკურ სივრცეში შეხვედრების ჩატარებასა და პირადი კონტაქტების დამყარებას. ის ამბობს, რომ ჰაშთაგი არ იწყებს მოძრაობას, არამედ – ადამიანები.  როგორც გარზა აღნიშნავს, კრიტიკის არასდროს ეშინოდა. ორგანიზაციას „სიძულვილის სიმბოლოსაც“ უწოდებდნენ და დამფუძნებლებს არაერთი ადამიანი მოუწოდებდა, რომ შეეცვალათ ორგანიზაციის სახელი Black Lives Matter სახელით All Lives Matter, მაგრამ მათ აზრი არ  შეიცვალეს.

თანამედროვე სამყაროში ადვილი არ არის მოძრაობების შექმნა. როგორც ალისია აღნიშნავს, ალიანსების გარეშე მისი ორგანიზაცია ვერ იარსებებდა. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ ყველა ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ ცვლილება საჭირო იყო და ამის გამო ისინი გაერთიანდნენ. განზა ინტერვიუში დიდ ყურადღებას აქცევს უახლოეს მოვლენებს და თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მეტი ადამიანი დაინტერესდა სიახლეებით და მისი ორგანიზაციით, რაც მეტი თავისუფალი დროის არსებობით არის გამოწვეული. ალისია თვლის, რომ კიდევ დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ფერადკანიან ადამიანებს რეალური ძალა ჰქონდეთ პოლიტიკაში, თუმცა ის ყოველთვის იბრძოლებს ამ მიზნის მისაღწევად. აქტივისტი ამბობს, რომ გეგმის გარეშე ვერც ერთი ორგანიზაცია იმუშავებს, მან 2018 წელს შექმნა „the Black Agenda”, რომელიც ფერადკანიანი ადამიანების საჭიროებების შესახებ მოგვითხრობს.

Photo Credits to DREW ESCRIVA / Teen Vogue

რაც შეეხება ალისიას პარტნიორს, პატრისია კულორსს, მან 2016 წელს მემუარი გამოაქვეყნა სახელწოდებით „When they Call You a Terrorist: A Black Lives Matter Memoir”, რომელიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესთსელერი გახდა. თინეიჯერობის დროს ის ორგანიზაციის, Bus Riders Union-ის წევრი იყო და სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა, რომ ამ სფეროში სურდა მუშაობის გაგრძელება. დღეს ის არაერთ კოლეჯში ასწავლის და ამავდროულად ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია. ამერიკულ ვოგთან ინტერვიუს დროს, მან აღნიშნა, რომ ყოველი დღე დიდი პოტენციალის მქონეა, როდესაც საქმე სოციალურ მოძრაობებს ეხება. ის ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის წვლილს ორგანიზაციის შექმნაში. მისთვის დრო არასდროს არის საკმარისი, რადგან რეალური ცვლილების მოპოვებას დაუღალავი შრომა და ძალისხმევა სჭირდება.

Photo Credits to JOSHUA KISSI / Forbes

მესამე დამფუძნებელი, ოპალ ტომეტი 20 წელია აქტიურად არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში. ის ორგანიზაციის the Black Alliance for Just Immigration აღმასრულებელი დირექტორი იყო 4 წლის განმავლობაში და იბრძოდა ემიგრანტების უფლებების დასაცავად. BBC-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ ყოველივეს იმიტომ აკეთებს, რომ ფერადკანიანი ადამიანები იმსახურებენ თავისუფლებას და სიცოცხლეს. ოპალისთვის სოციალური მედია დიდ ძალას წარმოადგენს, რადგან თითოეული ფერადკანიანის შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ზომების მისაღებად.

სამი განსხვავებული წარმომავლობისა და გამოცდილების მქონე მეგობრის მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა 2020 წელს დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. მაისში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქციებში 15-დან 26 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 60-ზე მეტ ქვეყანაში კი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო, რომელთა მთავარი მესიჯი სწორედ Black Lives Matter იყო. ამ ქალების მიერ შექმნილი ორგანიზაცია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის დაუღალავმა შრომამ გლობალურ მოვლენას ჩაუყაროს საფუძველი. ალისია განზამ ოქტომბერში გამოაქვეყნა წიგნი „The Purpose of Power: How We Come Together When We Fall Apart”, რომელშიც მომავალ აქტივისტებსა და უბრალოდ ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს.