მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა – COVID 19-ის პანდემიამ – ისევე, როგორც სხვა ძალიან ბევრი ბიზნესი, დიდად დააზიანა სავაჭრო სფეროც. დაკეტილმა მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენეს კომპანიებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ონლაინ ვაჭრობაზე მაინც უარს ამბობს.
ასეთია, მაგალითად, Primark-ი, ტანსაცმლის ირლანდიური კომპანია, რომელსაც ევროპული “ლოქდაუნის” პირობებში 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიადგა, თუმცა ისინი უარს აცხადებენ ონლაინ გაყიდვებზე და ამბობენ, რომ COVID-19-ის კრიზისის დასრულების შემდგომ დაბრუნდებიან.
საშობაო დღეებში, Primark-ის შემოსავალი, დაახლოებით, 2.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც მკვეთრად განსხვავდება 2019 წელს, ამავე პერიოდში გამომუშავებული თანხისგან, რამაც 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
თუმცა, ონლაინ ვაჭრობა ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა ზოგიერთი კომპანიისათვის. მაგალითად, Asos-მა და Boohoo-მ 2020 წლის ბოლო ოთხ თვეში, მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით, დაახლოებით, 40%-ით გაზარდეს საკუთარი შემოსავალი.
Primark-ი სულ 396 ფილიალს ფლობს. მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით კი მათგან 305 დაკეტილია. აქედან 115 ევროპის კონტინენტზეა.
ჯონ ბეისონმა, Primark-ის ფინანსურმა დირექტორმა, თქვა: „მე მძულს იმ გაყიდვების დაკარგვა, რომლის დაკარგვასაც ვაპირებთ, მაგრამ უკან დავბრუნდებით. ხალხს სურს შვებულებაში წასვლა, ერთმანეთთან შეხვედრა და Primark-ში კვლავ მისვლა.“