2020 წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის უმძიმესი იყო, სახელმწიფოების უმრავლესობა რეცესიისა და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ჩინეთი ერთ-ერთ იმ უიშვიათეს სახელმწიფოთა შორისაა, რომლის ეკონომიკაც საგრძნობლად, კერძოდ, 2.3%-ით გაიზარდა.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა ექსპერტების ვარაუდებსაც გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წელს მხოლოდ 1.9%-ით უნდა გაზრდილიყო.
ჩინეთის ნაციონალური სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, შედეგები იმაზე კარგი აღმოჩნდა, რასაც თავად მოელოდნენ.
მიუხედავად ზრდისა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, 2020 წელი ყველაზე ცუდი წელი იყო ჩინეთის ისტორიაში.
Covid-19 პანდემიის გარდა, ჩინურ ეკონომიკას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისა და სანქციების წინააღმდეგაც მოუწია ბრძოლა.
ექსპერტების თქმით, ჩინეთის ეკონომიკური წარმატება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
- პირველ რიგში, მთავრობის ეფექტურობა პანდემიის პირობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჩინური მკაცრი შეზღუდვების სტრატეგია Covid-19-ის გასაკონტროლებლად მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და ამას, გარკვეულწილად, შედეგებიც ცხადჰყოფს.
- მეორე ფაქტორად ჩინური წარმოების პროდუქტებზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ, მაგალითად: ელექტრონული მოწყობილობები, ერთჯერადი მოხმარების საგნები, პირბადეები და სხვა ისეთი ნივთები, რომლებზე მოთხოვნა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
- აგრეთვე განიხილავენ შიდა ტურიზმისა და მოხმარების ფაქტორებს.
ჩინური ზრდისაგან განსხვავებით, აშშ-ის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 4.3%-ით შემცირდა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის სტატუსს მალე ჩინეთი დაიკავებს.