2021 წელს ბანგლადეში მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა – 2016 წელს Asian University of Women-ის მიერ წამოწყებულ უმაღლესი განათლების პროგრამას ქალებისთვის პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.
ბანგლადეშის ეკონომიკის მამოძრავებელ უდიდეს სექტორს სამკერვალო საწარმოები წარმოადგენენ, რომლებიც საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობენ და მათთვის სამოსს დიდი რაოდენობით, თუმცა იაფად აწარმოებენ.
ასეთ საწარმოებში თანამშრომელთა 60-80%-ს ქალები წარმოადგენენ, მენეჯმენტის დონეზე კი მხოლოდ კაცები მუშაობენ – ამ უთანაბრობის უკან ქალთა განათლების საკითხი დგას. ადრეული ასაკიდან ისინი იძულებული არიან, მიატოვონ სწავლა და ოჯახის ფინანსურად მხარდასაჭერად დასაქმდნენ, რაც, ძირითადად, სამკერვალო საწარმოების თანამშრომლობას გულისხმობს, სადაც რიგითი მომუშავის ხელფასი თვეში დაახლოებით $100-ს უტოლდება.
აზიელ ქალთა უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას, თანაც მათ სამუშაოსთან შეთავსებულ სასწავლო გრაფიკს სთავაზობს. საწყის ეტაპზე 2016 წელს მოსწავლეთა რაოდენობა 500-მდე იყო, რაც, დიდი ალბათობით, გაიზრდება, რადგან რესპუბლიკამ მიზნად დაისახა 2041 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჩამონათვალში შესვლა. ამ მიზნისკენ სვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი დღეს არსებული სამუშაო ძალის არათანაბარი განაწილებაა (2020 წლის მონაცემებით ქალები ბანგლადეშის სამუშაო ძალის 36.4%-ს წარმოადგენენ). ქალთა რაოდენობის პროცენტული ზრდა სამუშაო ძალაში და გენდერულ წილთა გათანაბრება ბანგლადეშის არსებულ GDP-ის 2041 წლისთვის თითქმის 7-ჯერ გაზრდის. ეს მოლოდინი კი, დიდწილად, ემყარება ბანგლადეშის ქალთა ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობებში, რის გამოც ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალთა განათლების დონის ამაღლება იქნება.