მანქანის საწვავით ავსებასა და მის დამუხტვას შესაძლოა ერთი და იგივე დრო დასჭირდეს. კომპანია StoreDot-მა პირველმა შექმნა ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება სრულად.
ელექტრო მანქანა ეკოლოგიური და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გზაა კლიმატური პრობლემების დასაძლევად, რომელიც გლობალიზაციის ფონზე უფრო და უფრო მწვავდება. თუმცა, დადებითი ეფექტის მიუხედავად, პრობლემა, რომელიც ელემენტის ენერგიისგან დაცლას უკავშირდება, ბევრი მომხმარებლისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც მეტი ეფექტურობისა და ნაკლები პრობლემის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
StoreDot ბაზარზე სწორედ თავისი სწრაფად დამუხტვადი ბატარეებითაა ცნობილი. ტელეფონები, სკუტერები, დრონები – არაერთ ელექტრო-მოწყობილობაში გამოიყენება მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. დამატებით შექმნილი 1000 ახალი ბატარეა მანქანის მწარმოებელ და სხვადასხვა კომპანიას წარედგინება. Daimler-მა, BP-მ, Samsung-მა და TDK-მა უკვე ჩადეს ინვესტიცია StoreDot- ში, რომელმაც დღემდე 130 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო და 2020 წელს Bloomberg New Energy Finance Pioneer-ად დასახელდა.
ბატარეების სრულად დამუხტვა ხუთ წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის საჭიროა ბევრად უფრო მაღალი სიმძლავრის დამტენები, ვიდრე დღეს გამოიყენება. ,,მომხმარებლებისთვის ელექტრომობილის ხელმისაწვდომობა ფასის კუთხით აღარ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა პრობლემაა მისი გამძლეობა“ – ამბობს კომპანიის დირექტორი დორონ მაიერსდორფი. მისი თქმით, ადამიანებს აქვთ მუდმივი შიში, რომ ავტომობილის ენერგია არახელსაყრელ დროს უეცრად დაიცლება ან ბატარეის დასამუხტად სადგურზე დიდი დროის გატარება მოუწევთ. StoreDot-ის ხელმძღვანელს სურს, ელექტრომანქანების მძღოლებსაც ისეთივე კომფორტული გამოცდილება ჰქონდეთ , როგორც ეს საწვავის მომხმარებელ მძღოლებს აქვთ.
StoreDot-ის ახალი კვების ელემენტის დამუხტვა 1000-ჯერ იქნება შესაძლებელი, თანაც ისე, რომ თავისი სიმძლავრის 80%-ს მაინც შეინარჩუნებს. ბატარეა მასობრივ წარმოებაში, სავარაუდოდ, სამ წელიწადში ჩაეშვება.