ჰალიმა ადენი – პირველმა ჰიჯაბიანმა მოდელმა სამოდელო კარიერა დატოვა

Photo via GETTY

ჰალიმა ადენი 1997 წელს კენიაში, ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. 7 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტაში გადავიდა. 2016 წელს ის „მის მინესოტას“ სილამაზის კონკურსში ჰიჯაბით მონაწილეობდა და ნახევარფინალშიც მოხვდა. მისი დებიუტი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე 2017 წელს შედგა. ის პირველი ჰიჯაბიანი გოგონაა ბრიტანული ვოგის გარეკანზე და ასევე სამოდელო სცენაზეც. იგი ასევე პირველი მოდელია, ვინც ჰიჯაბით და მთლიან სხეულზე ბურკინით „Sports Illustrated-ის“ საცურაო კოსტუმების ყოველწლიურ ნომერში გამოჩნდა. მისი ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი და სანატრელია. აფროამერიკელი, მუსლიმი, ლტოლვილი თავისი სამოდელო კარიერის განმავლობაში ახერხებდა იმდენს, რომ არ უარყოფდა თავის კანის ფერს, რელიგიასა და ეთნოსს:  „ჩვენ ყველანი ვფიქრობთ ჩვენი კარიერის გზებზე და ვკითხულობთ: მოაქვს ამას ჩემთვის ჭეშმარიტი ბედნიერება? მოაქვს თუ არა სიხარული?“ – ამბობს ჰალიმა ბიბისისთან ინტერვიუში.

„ჩემი კარიერა აშკარად მაღალ დონეზე იყო, მაგრამ შინაგანად ბედნიერი არ ვიყავი.“

2020 წლის ნოემბერში ჰალიმამ სამოდელო კარიერა დატოვა. როგორც აღმოჩნდა, არც მოდელობასა და  არც „unicef-ის“ ელჩობას ბედნიერება ვერ მოჰქონდა მის ცხოვრებაში. სამოდელო მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ჰალიმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჰიჯაბს – მან ეს ხელშეკრულების პუნქტის ნაწილიც კი გახადა: ის არასდროს მოიხსნიდა მას.  ასევე, გარანტირებულად მიიღო „დალუქული ოთახი“, სადაც შეეძლო ჰქონოდა თავისი პირადი სივრცე შოუზე გამოსვლამდე. როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხს სერიოზულად მხოლოდ ჰალიმა უდგებოდა და გული წყდება, მის მიმბაძველ სხვა ჰიჯაბიან მოდელებს რომ არ გააჩნდათ მსგავსი მოთხოვნები: „ბევრი მათგანი იმდენად ახალგაზრდაა, რომ წვეულებებზე მათთვის უფროსი დის მოვალეობას ვასრულებდი. თითქოს, მე მათ ლომის ხახისკენ მიმავალი გზა გავუხსენი.“  დროთა განმავლობაში მან ტანსაცმელზე კონტროლი დაკარგა – ბოლოსკენ, მისი ჰიჯაბი „უფრო და უფრო პატარა გახდა, ზოგჯერ ხაზს უსვამდა მის კისერსა და მკერდს“. ზოგჯერ  თავზე ჯინსები ან სხვა ქსოვილები ჰქონდა შემოხვეული. თავის ინსტაგრამის პოსტებში, ადენმა დეტალურად აღნიშნა, თუ სად გრძნობდა ჰიჯაბის რელიგიურ დაფარვას – მაგალითად, Rihanna’s Fenty- ის სილამაზის ხაზის კამპანიაში, როდესაც თავი ჯინსებში ჰქონდა გახვეული: „მაშინ ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი ნებისმიერი წარმოდგენისთვის, რადგან დავკარგე კავშირი იმასთან, ვინც ვიყავი“ – დაწერა მან ერთ პოსტზე, ხოლო სხვა ჩვენებებთან დაკავშირებით, მაგალითად, როცა  ბროლით შემოსილი თავსაბურავი ეკეთა, მან თქვა: „მე უნდა წამოვსულიყავი გადასაღები მოედანიდან იმიტომ, რომ  სტილისტს აშკარად არ ჰქონდა ჰიჯაბიანი ქალი გონებაში წარმოდგენილი.“

მეორე მხრივ, ყოფილმა მოდელმა, ასევე ვერ შეძლო ოჯახთან საკმარისი დროის გატარება: „ჩემი კარიერის პირველ წელს შევძელი ეიდისა და რამადანზე სახლში მისვლა, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ ვმგზავრობდი. კვირაში ზოგჯერ ექვსი-შვიდი ფრენა მქონდა. ეს უბრალოდ არ ჩერდებოდა“– დასძინა მან.

ჰალიმამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ძლივს ცნობდა საკუთარ თავს ჟურნალის გარეკანზე და ამას „ფსიქიკურად საზიანო“ უწოდა: „ნულოვანი აღფრთოვანება მქონდა საკუთარი ფოტოების ნახვისას, რადგან საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. იცით, რამდენი ადამიანის ფსიქიკისთვის  შეიძლება იყოს ეს საზიანო?”

2018 წელს ჰალიმა Unicef-ის ელჩი გახდა. მისი საქმიანობა ბავშვების უფლებების ადვოკატირებას ეხებოდა. ჰალიმას სურდა გაეზარდა იძულებით გადაადგილებული ბავშვების შესახებ ინტერესი და ეჩვენებინა ბავშვებისთვის, რომ თუ მან შეძლო ლტოლვილთა ბანაკიდან გამოსვლა, ერთ მშვენიერ დღეს, ისინიც იგივეს გააკეთებდნენ, მან ნაწილობრივ ეს შეძლო, მაგრამ „Unicef-მა“ ვერ გაამართლა მისი მოლოდინები. „Unicef ​​USA-მ“  „BBC-ს“ განუცხადა: „ჩვენ მადლიერები ვართ ჰალიმასთან თითქმის ოთხწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. მისი შესანიშნავი ცხოვრებისეული ისტორია წინ უძღვოდა მისი სამყაროს ხედვას, რომელიც ყველა ბავშვის უფლებებს იცავს. Unicef–ის პრივილეგია იყო ჰალიმასთან თანამშრომლობა და ვუსურვებთ მას საუკეთესოს მომავალ საქმიანობაში.“

Twitter-ის მომხმარებლები მიესალმნენ მოდელის თამამ პოზიციას ინდუსტრიის წინააღმდეგ. ადენი ასევე შეაფასეს მისმა კოლეგებმა, მათ შორის ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა და ლეომი ანდერსონმა – მათ თავიანთ გამომწერებს სთხოვეს, მეტად აიმაღლონ ცნობიერება ადენის პოსტებთან დაკავშირებით.

Photo via GETTY

ადენმა ახლახან დაასრულა ფილმზე მუშაობა, ლტოლვილის ნამდვილ ისტორიაზე, რომელიც ავღანეთიდან ძალადობასა და ომს გაექცა. „მე ვარ შენ“ „Apple TV– ზე“ მარტში გამოვა: „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ ოსკარზე ვიქნებით  ნომინირებულები“ – ამბობს ადენი.

ჰალიმა ასევე განმარტავს, რომ „unicef-ის“ დატოვება საქველმოქმედო საქმიანობაზე უარის თქმას არ ნიშნავს: „მე არ ვაპირებ მოხალისეობის შეწყვეტას. ვფიქრობ, რომ სამყაროს არ სჭირდება ჰალიმა, როგორც მოდელი ან ცნობილი ადამიანი, არამედ როგორც ჰალიმა – ადამიანი, რომელსაც ესმის საზოგადოების ნამდვილი ფასი.“