ტრადიციულად Forbes კვლავ აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიას, მათ შორის ბიზნესის კატეგორიაში.
2020 წელს ბიზნესის კატეგორიის სათავეში 59 წლის ამერიკელი მერი ბარაა. ბარა 2014 წელს დაინიშნა General Motors-ის გენერალურ დირექტორად და, შესაბამისად, პირველი ქალია, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიიდან ერთ-ერთს ხელმძღვანელობს. ათეულის მეორე და მესამე ადგილს ასევე ამერიკელი ქალები Anthem-ის გენერალური დირექტორი გეილ ბუდრო და ტრანსპორტირების გიგანტის UPS-ის გენერალური დირექტორი ქეროლ ტომე იკავებენ.
ბიზნესის ყველაზე გავლენიანი ქალების ათეული ძირითადად აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოზე ნაწილდება. სიის მეოთხე ადგილს იკავებს ემა ვოლმსლი გაერთიანებული სამეფოდან. ის 2017 წლის აპრილში გახდა GlaxoSmithKline-ის აღმასრულებელი დირექტორი და შესაბამისად პირველი ქალი, ვინც სათავეში ჩაუდგა მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას.
ბიზნეს კატეგორიის ათეულის მეხუთე და მეექვსე ადგილს შესაბამისად იკავებენ ჯული სვითი და ჯუდიტ მაკკენა. სვითი 2019 წლის სექტემბერში გახდა გლობალური მომსახურების კომპანიის Accenture-ის გენერალური დირექტორი, ხოლო მაკკენამ 2018 წლის თებერვალში დაიკავა საცალო ვაჭრობის გიგანტ Walmart International-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტი. ქვეყნის მასშტაბით ის ხელმძღვანელობს 6000-ზე მეტ საცალო მაღაზიასა და 700,000 პარტნიორს.
ევროპის სხვა სახელმწიფოდან მეშვიდე ადგილზე წარმოდგენილია გერმანელი მარტინა მერცი. მერცი არის ინჟინერი, რომელიც 2019 წელს გახდა გერმანული კონგლომერატის Thyssenkrupp-ის გენერალური დირქტორი და კონტრაქტის მიხედვით ამ პოსტს დაიკავებს 2023 წლამდე. მერვე ადგილს იკავებს ნიკე ვიდიავატი ინდონეზიიდან. ის ათეულში ერთადერთი აზიელი ქალია. ვიდიავატი ინდონეზიური ნავთობისა და გაზის კომპანია Pertamina-ს აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტ-დირექტორია. ის კომპანიის მეორე ქალი-დირექტორია.
ათეულს ასრულებენ ამანდა ბლანკი გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკელი ფიბი ნოვაკოვიჩი. 2020 წლის იანვრიდან Aviva-ს გამგეობის წევრმა ბლანკმა სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა 2020 წლის ივლისში. რაც შეეხება ნოვაკოვიჩს, ის 2013 წლიდან თავდაცვის გიგანტის General Dynamics-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ის არის ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ხელმძღვანელ ქალთაგან, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო სივრცეში მოღვაწეობენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამეზობლოდან ათეულში ვერ მოხვდა, მაგრამ სრულ სიაში ბიზნეს კატეგორიით 76-ე ადგილს იკავებს თურქი გიულერ საბანჩი. საბანჩი არის პირველი ქალი, რომელიც სათავეში ჩაუდგა საოჯახო ბიზნესს, Sabanci Holding-ს, რომელიც წამოიწყო მისმა ბაბუამ გასული საუკუნის 30-იან წლებში.