პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით, აშშ ახალ სანქციებს უწესებს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Xiaomi-ისა და ნავთობ კომპანია CNOOC-ს (China National Offshore Oil Corporation).
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ექვსი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს ჩინური კომპანიები ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ. აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტს მიეცა უფლება აკრძალოს იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.
Xiaomi, რომელიც მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელთა შორისო მესამე ადგილს იკავებს, პენტაგონის შავ სიაში აღმოჩნდა, რის გამოც, ამერიკელ ინვესტორებს Xiaomi-ის აქციების შეძენა აღარ შეეძლებათ. გარდა ამისა, მათ საინვესტიციო პორტფელში არსებული აქტივების გაყიდვაც მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, Xiaomi-ის აქციების ფასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს.
განკარგულების გაცემიდან ერთ დღეში Xiaomi Corp-ის აქციების ფასი 10%-ით დაეცა.
სავაჭრო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვედრის გამო, ამერიკულ კომპანიებს, სპეციალური ლიცენზიის გარეშე, ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ექსპორტირება CNOOC-თან აეკრძალებათ.
სანქციების გამო, CNOOC-ის აქციები S&P Dow Jones Indices სიიდან ამოიშლება, რაც ნეგატიურად აისახება კომპანიის აქციების ფასზე.
აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის ვილბურ როსის განცხადებით, ჩინეთის აგრესიული ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სენსიტიური ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა და მილიტარიზაციის მიზნით ტექნოლოგიების გამოყენება ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გამოწვევას წარმოადგენს.