დიდი ნაბიჯი კაცობრიობისათვის – როდის დადგამს პირველად ქალი ფეხს მთვარეზე

„ეს არის ძრავი, რომელიც მთვარის ზედაპირზე პირველ ქალს გაამგზავრებს“ – მილიარდელი ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია Blue Origin წლებია BE-7 ძრავის შექმნაზე მუშაობს. კომპანია უკვე მზადაა ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად და, თანაც, იუწყება, რომ მათ შორის პირველი ქალიც იქნება. Blue Origin-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ბეზოსმა 2019 ელს განაცხადა, რომ კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მთვარეზე კოლონიზაციის მიმართულებით, რაც გეგმაში 2024 წლისთვის აქვთ.

ჯეფ ბეზოსი წარმოგვიდგენს სატესტო ძრავას, რომელიც შესაძლებელია NASA-მ აირჩიოს პირველი ქალის გასამგზავრებლად მთვარეზე. (Photo: Blue Origin/Twitter)

პარალელურად NASA-ს Artemis პროგრამა, რომელიც თეთრი სახლის მიერ დაწესებულ ვადაში, 2024 წლისთვის უნდა განხორციელდეს,  მიზნად ისახავს პირველი ქალის გამგზავრებას მთვარეზე. NASA 2021 წლის მარტში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი კერძო კომპანია გადააადგილებს ასტრონავტებს მთვარეზე 2024 წელს და აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ამ დავალებას კერძო კომპანიას მიანდობენ.

Blue Origin-ს ამ ადგილისთვის ეცილება ილონ მასკის SpaceX და საინჟინრო კომპანია Leidos-ის Dynetics, რომლებიც NASA-ს მიერ არჩევის შემთხვევაში გააგრძელებენ ხომალდის პროტოტიპების დახვეწას. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანი, რომ პირველმა ქალმა დადგას ფეხი მთვარეზე, უცვლელია და NASA-ს Artemis-ის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.