დედამიწის დასახმარებლად ქვეყნები გაერთიანდნენ

კვირის დასაწყისში პარიზის ერთიანი პლანეტის (One Planet Summit) შეკრებაზე HAC-მა (The High Ambition Coalition for Nature and People) დადო შეთანხმება, რომელიც დედამიწის ზედაპირის სულ მცირე 30%-ის დაბინძურებისგან მაქსიმალურ დაცვას გულისხმობს. გაერთიანება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებისგან შედგება, სამოქმედო გეგმა კი შემდეგ ათწლეულზეა გათვლილი და 2030 წლამდე გარემოს უცვლელად კონსერვაციას ეცდება, რის გამოც პეტიციას 30×30 ეწოდა (30% 2030 წლისთვის).

Photo by Craig Bradford

პარიზის სამიტზე აღინიშნა, რომ ასეთი მიზნები და მათი აღსრულებისაკენ სწრაფვა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა და ცხოველთა საბოლოო განადგურება, ასევე, შევინარჩუნოთ ჯანსაღი ჰაერის გენერაციის ბუნებრივი მეთოდები და დავარეგულიროთ მსოფლიო წყლების სისუფთავე.

ელიზაბეტ მარუმა მრემამ – გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის წარმომადგენელმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ერთია, დაისახო მიზანი, ხოლო მეორე – შეასრულო იგი.

შეგახსენებთ, რომ ამგვარ ინიციატივაში 2010 წელს 150-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, რომელთაც 2020 წლამდე 20 კონკრეტული მიზანი ჰქონდათ დასახული, 2020 წლის შემაჯამებელი მონაცემებით კი მხოლოდ 6 მათგანი შესრულდა ნაწილობრივ.