ქალი ლიდერების კარიერების განხილვისას ხშირად ახსენებენ ტერმინს „მინის კლდე“, რომელმაც ასოციაციურად შეიძლება ტერმინი „მინის ჭერი“ გაგვახსენოს. “მინის ჭერის” ფენომენი თავის მხრივ აღწერს იმ უხილავ ბარიერებს, რომელთა წინაშეც ქალები მაღალი პოზიციებისკენ მიმავალ გზაზე დგებიან ხოლმე – სტერეოტიპები, სტიგმები, სექსიზმი… „მინის ჭერისგან“ განსხვავებით, „მინის კლდე“ აღწერს იდეას, რომლის მიხედვითაც, როცა კომპანია გასაჭირშია, მის გადარჩენას ქალ ლიდერებს ანდობენ. ამის განმაპირობებელი მიზეზი კი საკმაოდ მარტივი გამოსაცნობია – როგორც გამოცდილებამ აჩვენა, როცა ქალებს საბოლოოდ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება, მათ ისეთ საქმეს ანდობენ, რომელიც უკვე განწირულია, წარუმატებლობის შანსები კი – დიდი.
„მინის კლდის“ ფენომენს დღევანდელ რეალობაში იმდენად ხშირად ვხვდებით, რომ ჯეკ ზენგერი (Jack Zenger) და ჯოზეფ ფოლკმენი (Joseph Folkman), ლიდერობის განვითარების კონსულტანტი კომპანიის “Zenger/Folkman” დამაარსებლები, დაინტერესდნენ, არიან თუ არა ქალები უფრო მეტად კვალიფიცირებულნი იმისთვის, რომ საუკეთესო კრიზისმენეჯერები იყვნენ.
კოვიდ-19-თან დაკავშირებული რიგი პრობლემების პარალელურად ქალი ლიდერების საოცარი მიღწევების შესახებ ინფორმაცია ანეკდოტურად ვრცელდებოდა, თუმცა სხვადასხვა კვლევამ გამოკვეთა, რომ ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ქალები მართავენ, კოვიდ-19-ის ნაკლები შემთხვევა და, შესაბამისად, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ანალოგიურად, ამერიკის იმ შტატებში, რომლებსაც ქალი მმართველები ჰყავთ, პანდემიას ნაკლებად ფატალური შედეგები აქვს. ამ კვლევებზე დაყრდნობით ზენგერმა და ფოლკმენმა Harvard Business Review-სთვის ჩაატარეს ფართო მასშტაბის კვლევა, რათა დაედგინათ, რამდენად განსხვავებულად პასუხობენ მამაკაცი და ქალი ლიდერები გამოწვევებს.
ზინგერმა და ფოლკნერმა იმავე შინაარსის, ლიდერობის განმსაზღვრელი კვლევა 2019 წელსაც ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქალები ბევრად უკეთესი კრიზისმენეჯერები არიან, ვიდრე მამაკაცები, თუმცა პანდემიის პირობებში ამ კვლევების სანდოობა ეჭვქვეშ დადგა. 2020 წლის მარტიდან ივნისამდე ზენგერმა და ფოლკნერმა შეაფასეს მაღალი თანამდებობის მქონე 454 მამაკაცი და 366 ქალი. შედეგები სულაც არ იყო შოკისმომგვრელი – ამჯერად ქალების შრომის ეფექტურობა კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე კოვიდ-19-მდე.
Harvard Business Review-სთვის ჩატარებული კვლევის ფარგლებში კომპანიების მმართველები ფასდებოდნენ 19 კრიტერიუმით, რომელთაგან საერთო ჯამში ქალებმა 13-ში აჯობეს მამაკაცებს. კაცებმა მცირე უპირატესობით აჯობეს ქალებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან – ტექნიკურ/პროფესიული ექსპერტულობის კომპეტენციის კრიტერიუმში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია მამაკაცთა და ქალთა პროცენტული შეფასებები პანდემიის პირველი ტალღის განმავლობაში.
რატომ მიიჩნევიან ქალები მეტად ეფექტურ კრიზისმენეჯერებად?
თითოეული ლიდერი, რომელსაც ზენგერი და ფოლკმენი აღწერენ, შეფასდა ასევე თანამშრომლებთან ჩართულობის ქულითაც – კვლევის პირდაპირ ანგარიშში ჩაიწერა მათთან მომუშავე პერსონალის პასუხები კითხვებზე, თუ რამდენად კმაყოფილები და დაინტერესებულნი იყვნენ საკუთარი საქმით ისინი და რამდენად დიდი იყო ამაში მათი უფროსის როლი. მამაკაცი უფროსების დაქვემდებარებული თანამშრომლები ძირითადად ნაკლები ენთუზიაზმით უდგებოდნენ საქმეს, ვიდრე ქალებისა.
იმის უკეთ გასაგებად, თუ რა იწვევდა ამ განსხვავებას, კვლევის ავტორები იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს დააკვირდნენ, რომლებიც პასუხებზე დიდ გავლენას ახდენდა. ასეთი კრიტერიუმები იყო მოტივაციის მიცემა თანამშრომლებისთვის, კომუნიკაბელურობა, ურთიერთობების დამყარების უნარი და ა.შ., რომელთაგან აბსოლუტურად ყველაში ქალები უფრო მაღალ ადგილს იკავებენ, ვიდრე მამაკაცები.
საერთო ჯამში, კვლევის ყველაზე დიდი მონაპოვარი იმის აღმოჩენაა, თუ როგორი ლიდერი სურს ხალხს თანამედროვე კრიზისის დროს. ახალი უნარ-ჩვევების ათვისება, რთულ პერიოდში ურთიერთობების მნიშვნელობის დაფასება, გულწრფელობა და უშუალობა, სტრესის, შფოთისა და დაბნეულობის გაგების ნიჭი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ლიდერში მისი თანამშრომლები ყველაზე მეტად აფასებენ. ზენგერისა და ფოლკმენის ანალიზმა გამოკვეთა, რომ ამ თვისებების მქონენი ძირითადად ქალები არიან, რამაც განაპირობა მათი უკეთეს კრიზისმენეჯერებად ჩამოყალიბება.