ამერიკის შეერთებული შტატების „მწვანებერეტიანთა“ სახელით ცნობილ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფს არსებობის განმავლობაში პირველი ქალი შეუერთდა. ქალმა, რომლის ვინაობაც უსაფრთხოების მოთხოვნების გამო არ ვრცელდება, სირთულით ცნობილი სპეციალური დანიშნულების კვალიფიკაციის კურსი წარმატებით გაიარა და თავის ჯგუფელებთან ერთად გასულ კვირას ჩრდილოეთ კაროლინაში საკუთარი მწვანე ბერეტი დაიმსახურა. პენტაგონმა ამერიკის არმიის საბრძოლო და სპეცოპერაციების დანაყოფების კარი ქალებს 2016 წელს გაუღო, თუმცა აქამდე სატრენინგო-საკვალიფიკაციო კურსი ბოლომდე არცერთ ქალს არ გაუვლია.
„იმ ადამიანთა ნახევარი, რომელთან ურთიერთობა და დახმარება გვიწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ქალები არიან. ის დრო, როცა კაცები ერთმანეთს ქალების დასწრების გარეშე ებრძოდნენ, უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა“,- განაცხადა გენერალმა სტივ ბლამმა, 42 წლის აშშ-ს არმიის ვეტერანმა, რომელიც უკვე 16 წელია „მწვანებერეტიანთა“ რიგებშია.
„მწვანებერეტიანების“ დანაყოფი 1950-იან წლებში დაარსდა მას შემდეგ, რაც მცირე სადივიზიო-სადესანტო რაზმებმა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური რეჟიმის დამარცხებაში უდიდესი როლი ითამაშეს და საყოველთაო აღიარება მოიპოვეს. დღეს სპეციალური ძალების ქვედანაყოფი არატრადიციულ ომს აწარმოებს, რაც პირველ რიგში მასობრივი განადგურების იარაღის სამხედრო დაზვერვასა და ტერორიზმთან ბრძოლას გულისხმობს. „მწვანებერეტიანთა“ ქვედანაყოფში გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია – კანდიდატებმა ჯერ სპეციალური დანაყოფის შეფასება (Special Forces Assessment) და SFAS-ის სახელით ცნობილი 24-დღიანი გამოსაცდელი ტესტი უნდა გაიარონ, რაც მოიცავს სირბილის, ცურვის, მძიმე სამხედრო ჩანთებით მარშის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარისა და უძილობასთან გამკლავების ურთულეს გამოცდებს. SFAS-ის ტესტების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „მწვანებერეტიანების“ რიგებში მოსახვედრად შემდეგი ნაბიჯი სპეციალური დანიშნულების დანაყოფის კვალიფიკაციის კურსის გავლაა, რომლის ხანგრძლივობაც 55-95 კვირის ფარგლებში მერყეობს.
ჯარისქალი, რომელიც აშშ-ს არმიის „მწვანებერეტიანთა“ ნაწილს შეუერთდა, პირველია ისტორიაში, ვინც ეს შეძლო, თუმცა არაა ერთადერთი, რომელმაც სცადა. 1980 წელს კაპიტანმა ქეით უაილდერმა იგივე კურსი გაიარა, თუმცა მასზე ბევრად მაღალი ჩინის მქონე ზედამხედველების გამო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფს ვერ შეუერთდა. როგორც უაილდერი იხსენებს, თავდაპირველად მას კურსის გავლის უფლებასაც არ აძლევდნენ, თუმცა მონდომებითა და საქმისადმი გასაოცარი თავდადებით მაინც შეძლო დაერწმუნებინა ყველა და არმიისთვის მოსამზადებელ კურსში ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ქალებს კურსის გავლა ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ – მსგავსი რამ შინაგანაწესში არ ეწერა.
უაილდერმა ყველა ტესტი და გამოცდა წარმატებით ჩააბარა, თუმცა კურსის დასრულების წინა დღეს ის სკოლის დირექტორმა თავის ოფისში დაიბარა და აუხსნა, რომ ჯგუფელებისგან განსხვავებით, „მწვანებერეტიანებს“ ვერ შეუერთდებოდა. უაილდერმა შეწინააღმდეგება სცადა. აშკარა უსამართლობის გამო აღიძრა შიდა გამოძიება. კურსის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ მას შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს და სპეცდანაყოფში გაწევრიანების უფლებაც მიიღო, თუმცა კაპიტანმა უაილდერმა შემოთავაზებაზე უარი თქვა და აშშ-ს არმიის სარეზერვო დანაყოფში გააგრძელა მოღვაწეობა. უაილდერის საქმის დახურვის შემდეგ ქალებს ოფიციალურად აეკრძალათ საკვალიფიკაციო კურსის გავლა 2016 წლამდე.
როგორც აშშ-ს არმიის მაღალჩინოსნები აცხადებენ, „მწვანებერეტიანთა“ ახალწვეულმა კურსის განმავლობაში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. უცნობი ჯარისქალის წარმატებით მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა – ამიერიდან იმ სფეროში მოსახვედრი გზა, სადაც კაცები დომინანტურ პოზიციას იკავებენ, ქალებისთვის ბევრად გამარტივდა.