Forbes არ ღალატობს ტრადიციას და კვლავ აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულს.
2020 წელს სიის სათავეში კვლავ ანგელა მერკელია, გერმანიის 66 წლის კანცლერი სიის ლიდერობას არც წელს თმობს. ევროკავშირიდან სიის სათავეშივე ვხვდებით ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. გავლენიანი ქალების ათეულში ვხვდებით კიდევ ერთ ქალს ევროპიდან – ესპანელი ანა პატრისია ბოტინი Santander-ის, ევროზონის უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტია.
გავლენიანი ქალების ათეულში ყველა სხვა პოზიცია ამერიკელმა ქალებმა დაიკავეს. 2020 წელს ყველაზე გავლენიანი ქალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისია. კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსი ათეულში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსია. ათეულშივე ვხვდებით მელინდა გეითსს, მერი ბარას, აბიგაილ ჯონსონსა და გეილ ბუდროს. ჯანმრთელობის დაზღვევის გიგანტი კომპანიის Anthem-ის აღმასრულებელი დირექტორი ბუდრო ათეულში პირველად მოხვდა.
მსოფლიოს გავლენიანი ქალების ასეულში ყველაზე ახალგაზრდა 31 წლის ამერიკელი მომღერალი, ტეილორ სვიფტია – ის სიაში 82-ე პოზიციაზეა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან კი სიაში მხოლოდ ორი ქალბატონი მოხვდა: 57-ე პოზიციაზეა რუსი ელვირა ნაბიულინა, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია; ხოლო 76-ე პოზიციაზეა თურქი გიულენ საბანჩი, რომელიც Sabanci Holding-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.