რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმი Taming the Garden „მოთვინიერება“ „Sundance“-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა კინოფესტივალზე 31 იანვარს გაიმართება, ხოლო მეორე ჩვენება 2 თებერვალს შედგება. ფილმის ხანგრძლივობა 92 წუთია.
ფილმი სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციაა. საქართველოს მხრიდან ფილმზე Sakdoc Film მუშაობდა. „მოთვინიერება“ წარმოდგენილია კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition).
“მოთვინიერება” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შავი ზღვის სანაპიროზე უნიკალური მცენარეების გადატანის პროცესს ასახავს. „Sundance“-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობ: „სალომე ჯაში ფილმით გვიჩვენებს ერთი ადამიანის ძალაუფლებას დედამიწის ბუნებრივ ბაღებზე.“ როგორც პროგრამაშია მითითებული, ფილმი ოდაა ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობაზე.
„Sundance“-ის საერთაშორისო კინოფესტივალი საავტორო კინოს უდიდესი ფესტივალია, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ დამოუკიდებელ ფილმებს აცნობს. გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალის ორგანიზატორები წელს მაყურებელს სრულიად გამორჩეულ თავგადასავალს ჰპირდებიან. უდიდესი კინომოვლენა შერეული ფორმატით გაიმართება (როგორც ონლაინ, ასევე რეალური დასწრებით). სანდენსის კინოფესტივალის 2020 წლის გამოშვება უმასპინძლებს 72 სრულმატრაჟიანი ფილმის ჩვენებას 29 ქვეყნიდან.
სალომე ჯაში 1981 წელს თბილისში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი ბოლო ფილმი „დაისის მიზიდულობა“ (2016) რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. მისი ფილმები „დაისის მიზიდულობა“ და „ბახმარო“ წარმოადგენს გერმანულ კოპროდუქციას და შექმნილია საზოგადოებრივ მაუწყებელ Arte-სთან თანამშრომლობით.