თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა, ლიზი კაკაბაძემ, Music and Stars Awards-ის პიანისტთა კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.
კონკურსი ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მონაწილეები წინასწარ გადაღებული 20-წუთიანი ვიდეოჩანაწერების მიხედვით შეფასდნენ. ლიზი კაკაბაძემ საკონკურსო ვიდეოში შუმანის “სიმფონიური ეტიუდები” თხზ.13. შეასრულა. ვიდეო გადაღებულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
აღსანიშნავია, რომ კაკაბაძემ ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მიიღო პრიზი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში, რომელიც ვალეტაში (მალტა) ჩატარდა. ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა ახალგაზრდა ქართველი პიანისტის შესრულების უნიკალური სტილი და წარადგინა ფრანც ლისტის „Paraphrase on Verdi’s Rigoletto“-ს საუკეთესო შემსრულებელთა შორის, რის შემდეგაც ახალგაზრდა პიანისტს მიეცა საშუალება, რომ ჩაეწერა CD კლასიკური მუსიკის საერთაშორისო სააგენტო KNS Classical-თან.
რაც შეეხება ონლაინ კონკურსს Music and Stars Awards, მისი მიზანი თანამედროვე, ახალგაზრდა არტისტების აღმოჩენა და განვითარებაა.