კარანტინის პარადოქსი და მისი გავლენა გენდერულ ძალადობაზე

Image Credit: IUCN

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. მის შესაფერხებლად, მრავალმა სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. მოცემულმა რეგულაციებმა, ერთი მხრივ, დასახული მიზანი შეასრულა და ვირუსის გავრცელების მასშტაბი შეამცირა, თუმცა, ამასთანავე, წარმოიშვა ახალი პრობლემებიც – ერთ-ერთი უმწვავესი – ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელი გენდერული ნიშნით.

სახლი უსაფრთხო გარემო ზოგჯერ სულაც არ არის. ბრისტოლის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, გენდერული ნიშნით ძალადობის ტენდენცია სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც ოჯახის წევრებს ერთ სივრცეში დროის ხანგრძლივად გატარება უწევთ.

რამდენიმეთვიანი ლოქდაუნისას გენდერული ნიშნით ქალებზე ძალადობის ტენდენცია მზარდია. ზოგადად, ქალების 35%-ზე მეტს საკუთარი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია გენდერული ნიშნით ძალადობა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების რიცხვი საფრანგეთში 30%-ით, აშშ-ში 35%-ით, არგენტინაში 25%-ით, კვიპროსში კი – 30%-ით გაიზარდა.

გენდერული ძალადობის ტენდენციის ზრდის მიზეზები

მასობრივი კარანტინის “გვერდითი მოვლენები” ფსიქოლოგიური თუ მენტალური პრობლემები და ეკონომიკური ვითარების გაუარესება გახდა. პანდემიის გამო სამსახურდაკარგული ადამიანი აგრესიულობითა და ძალადობისკენ მიდრეკილებით გამოირჩევა. მსხვერპლი კი ოჯახის მოძალადე წევრთან მეტ დროს ატარებს, მისგან თავის დაღწევა კი – რთულდება.

მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ხშირად ამ ყველაფერს ვერ ითვალისწინებენ და მხოლოდ მაშინ ატარებენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ, ხშირად არაეფექტურად შედგენილ რეფორმებს, როდესაც შედეგები რადიკალურად უარყოფით სახეს იღებს. პანდემიის პირობებში, იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებზე, რომლებიც წესით გენდერული ძალადობის შემთხვევებს უნდა გაუმკლავდნენ და ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარონ, მოთხოვნა იზრდება. თუმცა, მათი მცირე მასშტაბების გამო, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია. შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ექცევიან და მოძალადეს თავს ვერ აღწევენ.

Image Credit: Shonagh Rae

გენდერული ძალადობის შემცირებისკენ მიმართული მეთოდები

გენდერული ნიშნით ძალადობა ყველა საზოგადოების უნივერსალური რეალობა და კომპლექსური პრობლემაა. მსოფლიო საზოგადოებაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, პირველ რიგში, დუმილის დარღვევით უნდა დაიწყოს. ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, უნდა აღიარდეს რეალურ პრობლემად, უნდა დაიწყოს ღიად საუბარი არსებულ რეალობაზე და მხოლოდ მას შემდეგ მოიძებნოს მისი გადაჭრის გზები.

დღესდღეობით ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა საკუთარ სიტუაციასთან გასამკლავებლად დუმილსა და უმოქმედობას ირჩევს. ამას, პირველ რიგში, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს, რომლის გამოც დაზარალებულები ხშირად სხვა ალტერნატივას ვერ ხედავენ. პრობლემის გადასაჭრელად ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ პროცესის ფუნდამენტური ნაწილი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიების ორგანიზებაა. მედიის საშუალებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით საყოველთაო იზოლაციის ფარგლებში, საკუთარ წვლილს შეიტანს ქალების მიმართ ძალადობაზე დუმილის დარღვევის პროცესში და ხალხს არსებული სიტუაციის შესახებ ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნის. მოსახლეობის დიდი ნაწილი პრობლემას იქამდე არ აღიარებს, სანამ თავად არ გადააწყდება მას. კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში ამ  წარმოდგენის შეცვლა აუცილებელია, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლის უმოქმედობის შემთხვევაში, კონფლიქტში გადამწყვეტი როლი, შესაძლოა, გარე ძალამ შეასრულოს. ამ ყოველივეს იდენტიფიცირება და ძალადობაზე შესაბამისი მოქმედება მხოლოდ სრულფასოვნად ინფორმირებულ ადამიანს შეუძლია. ხშირად მოძალადეები ქალებს ინტერნეტთან ან სხვა საკომუნიკაციო არხებთან წვდომას უზღუდავენ, სწორედ ამ შემთხვევაში ახლობლებთან და მეზობლებთან კონტაქტი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პრობლემაა ძალადობის მსხვერპლის მიერ მოძალადის მხილებაც. სივრცეში, სახლში, ისინი მოძალადესთან ერთად იმყოფებიან და ხშირად უსაფრთხოდ ვერ ახერხებენ შესაბამისი უწყებების ინფორმირებას. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, მსოფლიოს მთავრობებმა სხვადასხვა უნიკალური მეთოდი შემოიღეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალადობის მსხვერპლს ტექსტური შეტყობინებების საშუალებით შეუძლია ეკონტაქტოს უფლებადამცველ ორგანიზაციას. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სახლის საქმეები და საყიდლებზე სიარული, პანდემიის პირობებშიც, ხშირად ქალებს ავალიათ ხოლმე, საფრანგეთმა აფთიაქებსა და სურსათის სუპერმარკეტებში ძალადობის მხილების სისტემა დანერგა. მსხვერპლს შესაძლებლობა აქვს, რომ კოდური სიტყვით შეატყობინოს დაწესებულების წარმომადგენელს ძალადობის შესახებ. საქართველოში, ამ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლს აქვს „112-ის“ აპლიკაციის ე.წ „ჩუმი გამოძახების“ ფუნქციის გამოყენების ალტერნატივა, რაც მათ მეტ-ნაკლებად უსაფრთხოების შეგრძნებას ანიჭებს.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში იგი, შესაძლოა, გენდერული ნიშნით ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს. ძალადობის მსხვერპლებს ონლაინსივრცის საშუალებით ბევრად ეფექტურად შეუძლიათ ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება და, შესაბამისად, მსოფლიოს მთავრობებისთვის კამპანიის სწორედ ეს გზაა რეკომენდირებული. ონლაინრეჟიმის საშუალებით ინფორმაციის მიწოდების გარდა, შესაძლებელია დაზარალებულისათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა, ფსიქოლოგთან და სპეციალიზებულ პროკურორთან გასაუბრება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდში ძალადობის მსხვერპლი არ დარჩეს სოციალური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე და გენდერული ძალადობის ფაქტებზე მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ამ შემთხვევაში თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა – საზოგადოების ნაწილის ტექნოლოგიური განათლების დაბალი დონე და ხშირად, ენობრივი ბარიერი.

 

Image Credit: Melanie Wasser

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ფაქტია, გაიზარდა გენდერული ნიშნით ძალადობის სიხშირეც. იმის მიუხედავად, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი რეალური და კრიტიკული პრობლემაა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ნებისმიერი ახალი ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია, აუცილებელია, საზოგადოების, განსაკუთრებით ძალადობის მსხვერპლი ქალების, დაუყოვნებლივ ინფორმირება. დღეს მსოფლიოს წერა-კითხვის უცოდინართა შორის 59% ქალებსა და გოგონებს უჭირავს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ინფორმირებას გენდერული ძალადობის საფრთხის შესახებ.

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოების თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად უნდა დაიწყოს. პრობლემაზე ხშირი და ღია საუბარი ეტაპობრივად დაამსხვრევს გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს, გაზრდის პრობლემის ცნობადობას და პანდემიის პირობებში ძალადობის მსხვერპლ ქალებზე სოციალურ წნეხს მნიშვნელოვნად შეამცირებს.