სამხრეთ კორეაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტელეწამყვანი შექმნეს

სამხრეთ კორეულ ტელესივრცეში პირველად, გადაცემა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილმა რობოტმა წაიყვანა. Maeil Broadcasting Network-მა ახალი ამბების მთავარი წამყვანი ქალის, კიმ ჯუ-ჰას იდენტური გარეგნობისა და მიმიკის მქონე რობოტი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში წარმოადგინა.

რობოტის მოცემული მოდელის უნიკალურობა, ემოციების ბუნებრივად გამოხატვის შესაძლებლობაში მდგომარეობს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწყობილობა, კიმ ჯუ-ჰას გარეგნობაზე, გამომეტყველებასა და ხმის ტემბრზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაპროექტდა. თანამედროვე ციფრული რობოტის ტექნოლოგიური შემადგენლობა ათასამდე სხვადასხვა ფრაზას და სხვადასხვა სახის გამომეტყველებას შეიცავს, რაც მას საკმაოდ რეალისტურს ხდის. იგი ინფორმაციის წინასწარ მიწოდებს საფუძველზე, ტელეწამყვანის ხმის ტემბრს და ლაპარაკის მანერასა და სხეულის ენას ზუსტად იმეორებს და ბოლო მონაცემების მიხედვით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობაც შეუძლია.

მსგავსი ციფრული რობოტი, ჩინეთის შემდეგ, უკვე მეორეა მსოფლიოში და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტელეწამყვანის ჩანაცვლების მოსახერხებელ ალტერნატივად წარმოგვიდგება. ეს მსოფლიოს ტექნოლოგიური სივრცისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და მომავალში შესაძლოა ტელეკომუნიკაციების გარდა ინდუსტრიის სხვა სფეროებიც მოიცვას.