ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე ქალმა იმსაჯა

Photo Credits to Valerio Pennicino

2 დეკემბერს „UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე“ ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა – „იუვენტუსსა“ და კიევის „დინამოს“ შორის გამართული მატჩი ფრანგმა სტეფანი ფრაპარმა განსაჯა. ფრაპარი პირველი ქალია, რომელიც ევროპის უმნიშვნელოვანესი საკლუბო ჩემპიონატის მთავარ რეფერიდ დანიშნეს. საეტაპო მატჩს სოციალურ ქსელში უეფას ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.

ფრაპარისთვის ეს პირველი ისტორიული მიღწევა არაა. 2019 წელს ფრანგი არბიტრი უეფას სუპერთასის ფინალს გაუძღვა. ფრაპარის სტილი ინგლისელმა მარკ კლატენბურგმა, რამდენიმე სხვა კოლეგასთან ერთად, მაშინვე შეაქო.

36 წლის სტეფანი ფრაპარი 2009 წლიდან ფიფას საერთაშორისო კატეგორიის რეფერია. კონტინენტური დაპირისპირებების გარდა, არბიტრმა წელს საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ხუთ მატჩში იმსაჯა.