Visa-ს ახალ საკრედიტო ბარათებზე მომხმარებლებს ბიტკოინები დაერიცხებათ

ციფრული გადახდების კომპანიამ Visa კრიპტოვალუტაში სპეციალიზებულ სტარტაპ კომპანია BlockFi-თან თანამშრომლობა დააანონსა, რომლის მიხედვითაც ახალი Visa ბარათის მფლობელებს დახარჯული თანხის 1.5% ბიტკოინის სახით დაუბრუნდებათ.

კონკრეტული შეთანხმება Visa-ს ტექნოლოგიური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროების ერთმანეთში ინტეგრაციას გულისხმობს. ინიციატივის ძირითადი მიზეზი, კრიპტოვალუტის გამოყენების სფეროს გაფართოებაა.

ტექნოლოგიურ პროგრესზე მორგებაში, დღესდღეობით Visa ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოში. კომპანიასთან უკვე დაახლოებით ოცდახუთამდე სახეობის კრიპტოვალუტაა დაკავშირებული. ამასთან ერთად, მისი აქტიურობა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზეც შეინიშნება, სადაც Visa-მ მსოფლიოს კომპანიებს რეგულაციების თანამედროვე ციფრულ ვალუტაზე მორგება ურჩია.

Visa-ს ახალი ბარათი, სავარაუდოდ, ოფიციალურად 2021 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მისი წინასწარ შეკვეთა BlockFi-ის მომხმარებლებს შეეძლებათ.

Visa-ს აღმასრულებელი დირექტორის, ზაკ პრინცის განცხადებით, მოცემული შეთანხმება კრიპტოვალუტის გამოყენების სფეროს კიდევ უფრო გააფართოებს და მას თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს.